ირაკლი ქადაგიშვილი - უკრაინას სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ, ვფიქრობ, რეზოლუციის მიღების არანაირი პრობლემა არ იქნება
ყველანაირი რესურსი არსებობს, უკრაინის თემა არ არის ის, რომელზეც კონსენსუსის თვალსაზრისით რაიმე დიდი პრობლემა იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუციის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინას სრულ სოლიდარობას უცხადებენ.
„რეზოლუციის პროექტი არის პარლამენტის და ქვეყნის საერთო პოზიცია. როდესაც პარლამენტი რეზოლუციას იღებს, ეს უკვე ქვეყნის გარკვეულ პოზიციონირებასაც წარმოადგენს. ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოების უზრუნველყოფის თავისუფალი არჩევანი დაცული უნდა იყოს, არც ერთ სახელმწიფოს მეორე ქვეყნის ტერიტორიის ხელყოფის უფლება არ აქვს. ასეთი აგრესიის მსხვერპლი ამ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია, იყოს უკრაინა და უკრაინას სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ, რადგან ჩვენც ოკუპაციის და აგრესიის ანალოგიური მძიმე ისტორია გვაქვს. თუ ვინმე არ მოინდომებს იქ ისეთი ნონსენსების ჩაწერას, ნორმალური, გაწონასწორებული, აზრიანი რეზოლუციის მიღების არანაირი პრობლემა არ უნდა არსებობდეს და ვფიქრობ, არც იარსებებს“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პარლამენტში უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ რეზოლუციაზე კონსულტაციები იწყება. პროცესში ჩართული არიან როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წევრები.