საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველოს ყველა კრიტერიუმით ეკუთვნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, თუ გადაწყვეტილება ობიექტურ შეფასებაზე იქნება დაყრდნობილი.
მისივე თქმით, „თუ იქნება ისევ იმ პოლიტიკური შანტაჟისა და პროექტის განხორციელების მცდელობა, რაც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვით დაიწყო, მოსალოდნელია, რომ ეს საკითხი კვლავ საქართველოს საზიანოდ გადაწყდეს“.
„პირველი ეტაპი არ გამოუვიდათ და ახლა მეორე ეტაპი აქვთ გარკვეულ ძალებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი განხილული იქნას. მოგეხსენებათ, ჯერ მთელი ისტერია იყო ატეხილი, რომ ის მოწამლეს, რომ პერმანენტული წამების ქვეშ არის, შემდეგ, რომ მას მკურნალობას არ უნიშნავენ. თუ ეს პოლიტიკური პროექტი იქნება დომინანტი, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ ასეთი საკითხი კვლავ საქართველოს საზიანოდ გადაწყდეს. ობიექტური შეფასების საფუძველზე თუ იქნება მიღებული, მაშინ საქართველო, როგორც ჩვენ უკვე ვნახეთ ევროკომისიის შეფასების დოკუმენტიდან, ლიდერი სახელმწიფოა არა მარტო ამ სამეულში.
ჩვენ აქ ორ საკითხთან გვაქვს საქმე – ერთია ობიექტური რეალობა, მეორეა პოლიტიკური რეალობა. პოლიტიკური რეალობის ამ პროექტს სურს, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას მიაღწიონ არაკონსტიტუციური, არადემოკრატიული მეთოდებით. ჩვენ ვნახეთ, რომ ერთხელ მოხდა ასეთი ზემოქმედება, როდესაც ორ ქვეყანას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, ჩვენ – მხოლოდ პერსპექტივა. დიდი ფაქტობრივი განსხვავება არ იყო, მაგრამ მაინც ტერმინოლოგიის დონეზე განსხვავება იყო და ამ კუთხით ვნებათაღელვის გამოწვევის მცდელობა იყო. აქედან გამომდინარე, ასეთი ტიპის საშიშროება, რომ საქართველო იყოს შანტაჟის მსხვერპლი, ჩვენ სახეზე გვაქვს. მაგალითად, მე, როგორც ერთ მოქალაქეს, რომელსაც გულწრფელად მინდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, მიუღებლად მიმაჩნია, რომ გზად ასეთი შანტაჟის ბარიერები დაგვხვდეს. თუ აღმოჩნდება, რომ საქართველოსთან მიმართებაში ეს შანტაჟი ნორმა და წესია, მაშინ ძალიან მძიმე სურათს მივიღებთ ჩვენ საქართველოს პერსპექტივასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.
ამასთან, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, არის უხეში პოლიტიკური ზეწოლა საქართველოზე იმ ძალების მხრიდან, რომელთა ინტერესშიც შედიოდა სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების შემოტრიალება საქართველოში უკანონო გზით.
„პარლამენტის თავმჯდომარის, ასევე ევროინტეგრაციის კომიტეტის ანგარიშებში დეტალურად იყო აღწერილი პარლამენტის საქმიანობა ევროპის დედაქალაქებთან მიმართებაში, ევროპარლამენტთან, სხვა ევროპულ ინსტიტუტებთან დაკავშირებით. ყველა ამ შეხვედრაზე, სადაც გინდა-არგინდა, საუბარი უნდა იყოს ობიექტურ მოცემულობებზე დაყრდნობით, დიდი პრეტენზია საქართველოს მიმართ არავის აქვს, სამუშაო დონეზეა ან რეკომენდაციის გაცემა, ან გარკვეული აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მაგრამ ვხედავთ ამ ფორმატსაც, როცა რაღაც ძალები, იმავე ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟების მიზნით, აბსოლუტურად დიდ უკანონობას ჩადიან. ამ საკითხზე აკავშირებენ მიხეილ სააკაშვილს და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების საკითხს. ეს არის უხეში პოლიტიკური ზეწოლა საქართველოზე იმ გარკვეული ძალების მხრიდან, ყოველ შემთხვევაში, ინიციატორები ვინც არიან და ვის გვარებსაც უკვე ქართული საზოგადოება კარგად იცნობს, რომელთა ინტერესშიც შედიოდა სააკაშვილის და მისი ხელისუფლების საქართველოში უკანონო გზით შემოტრიალება. ახლა მისი გადარჩენის ე.წ. გზად არჩეულია ისევ საქართველოს მიზნების და იმიჯის დაზიანება.
ამას გარკვეულწილად ეს ხალხი ახერხებს და, რა თქმა უნდა, ამაში მიხეილ სააკაშვილის ყველა ქმედება, სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის, შედეგობრივად საქართველოს საზიანოდ აისახება. აქ ხომ იმაზე არ არის საუბარი, რომ, მაგალითად, ბატონ კუბილიუსს არ ესმის, რა არის წამება, არაადამიანური მოპყრობა და ვერ არჩევს, რა არის კამერაში წამების ფაქტები და რა არის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის მოხდის მდგომარეობა. მან ეს ყველაფერი ბრწყინვალედ იცის, მაგრამ აქვს კონკრეტული პოლიტიკური მიზანი და დავალება. არიან ძალები, რომლებსაც თავიანთი მიზანი აქვთ და ამ მიზნის განხორციელებას ყოველნაირად ცდილობენ, თორემ კარგად იციან, მილიონები რომ იხარჯება ლობიზმში. ამ პატიმრის, ასე ვთქვათ, ჭირისუფლებს 10 000 ლარი არ დაუხარჯავთ უკეთესი ექიმის მოძიებაში, ხომ ამბობენ, უკეთესი ექიმი გვინდაო. განა ეს არ იციან, განა არ იციან, რომ მისი შემოპარვა უკანონო იყო, მაგრამ ერთხელაც არ დაუგმიათ, განა არ იციან, მის დროს როგორ ხდებოდა უფლებების შეზღუდვა და პირდაპირი შეტევები იყო დემოკრატიაზე, კარგად იციან, მაგრამ სხვა მიზნები ამოძრავებთ დღეს.
ჩვენ რას ვაკეთებთ? იქ, სადაც არის ობიექტური შეფასების ადგილი, ვთქვათ, ევროკომისიის შეფასებითი დოკუმენტი საქართველოს ასოცირების გზაზე შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით, ვხედავთ, რომ საქართველო ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს. შანტაჟის ენა უნდა დამთავრდეს, რადგან ეს ქართველი ხალხის მისწრაფებებს აზიანებს, ეჭვს აჩენს. ბატონ კუბილიუსს და ამ პროექტის მონაწილეებს არ აქვთ უფლება, საქართველოსთან მიმართებით ამ ტონით იმოქმედონ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ამავდროულად, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, გარკვეულ ძალებს, რომლებთან დაკავშირებითაც არის საუბარი, შანტაჟის პოლიტიკის გასაგრძელებლად ხელჩასაჭიდი ნაკლებად აქვთ და, აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილზეა მთავარი აქცენტი გადატანილი.
„მიხეილ სააკაშვილის თემა, მისი შემოსვლიდან დაწყებული, მისი გაყვანის ოპერაციით გაგრძელებული, უნდა ყოფილიყო სწორედ მთავარი დამაზიანებელი ფაქტორი. სხვა კონკრეტული გაზომვითი მაჩვენებლები მათ არ აქვთ. 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზეც, ვხედავთ, რომ თუ სადმე კრიტიკაა, არის მხოლოდ ზოგადი კრიტიკა. იმავე დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, რაც ევროკავშირმა მოიწონა – უკრაინის კანონი პირდაპირ გადმოვიღეთ, მაგრამ არ აწყობთ ასეთი კანონი. მათი მიზანი სულ სხვაა, რომ პერსონალურად სააკაშვილის თემა იყოს კულტივირებული საქართველოში და პერსონალურად ბიძინა ივანიშვილი იყოს შანტაჟის ქვეშ. ამ მარტივ და საკმაოდ უხეშ პროვოკაციასთან გვაქვს საქმე და კიდევ გვეუბნებიან, რომ საქართველომ თავი ჩაღუნოს და ყველა ამ პროვოკაციის უსიტყვოდ მიმღები იყოს. ასე არ შეიძლება, ეს არ არის ევროპული და დემოკრატიული ფასეულობა და არც ჩვენი ერის ფასეულობა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.