ირაკლი ქადაგიშვილი - ტექნიკური მთავრობის საკითხი არაკონსტიტუციურია, მთავრობის სახელებიც კი, მიტინგის წამყვანების აზრითა და ხალხის რაოდენობით იცვლება, ხან ერთობისაა, ხან დროებითია
ტექნიკური მთავრობის საკითხი აბსოლუტურად არაკონსტიტუციურია და მთავრობის სახელებიც კი, მიტინგის წამყვანების აზრითა და ხალხის რაოდენობით იცვლება – ხან ტექნიკურია, ხან ერთობისაა, ხან დროებითია, ხან გარდამავალია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს არის არასერიოზული დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ. რეალურად კი, ეს არის რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, ქვეყანაში რამენაირად მოახდინონ დესტაბილიზაცია და არეულობის მიღწევა.
„ეს ყველაფერი არ ჯდება კონსტიტუციური განვითარების ჭრილში და იმ დღის წესრიგში, რაც საქართველოს ევროკავშირთან აქვს ახალი პერსპექტივიდან გამომდინარე. სამუშაოს დიდი ნაწილი შესასრულებელია პარლამენტის მიერ, მთავრობის მიერ ინიცირებული სხვა საკითხები იქნება. აქედან გამომდინარე, ოპოზიციას მოვუწოდებთ, ერთადერთი მოთხოვნა მაინც შეასრულონ, პარლამენტში იმუშაონ და კონსტრუქციული იყვნენ. როცა საუბარია ოპოზიციის ჩართულობაზე, ძირითადად, ოპოზიცია დაკავებულია იმით, რომ ამ პროცესიდან რამენაირად თავი ამორთოს და გაურკვეველ ტექნიკურ და სხვა სახის მთავრობებს იგონებს, რასაც რეალურ პოლიტიკურ პროცესთან არანაირი საერთო არ აქვს. ასევე იმ დღის წესრიგში არ ჯდება, რაც ევროკავშირ-საქართველოს აქვთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.