ირაკლი ქადაგიშვილი - თემურ ალასანიას განცხადება ნიშნავს საქართველოსთვის ფართომასშტაბიან ომს, რაც არის დამღუპველი და დამანგრეველი, აქ საუბარი უკვე ხელისუფლებაზეც აღარ არის
სპეკულირებენ იმით, რაც ყარაბაღში მოხდა, უკრაინის მოწოდებებით და სპეკულაციებით ფონს ვერ გავიდნენ და ახლა უნდათ, რომ ამ ტიპის სპეკულაციებით კიდევ პროვოცირება მოახდინონ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას იმ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „სად გინახავთ წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი გზით დაბრუნება, დავიჭიროთ სანთელი, სამჯერ შემოვუაროთ აფხაზეთს, ვთქვათ „ფუი, ეშმაკს“ და დაგვიბრუნდება. ეს არ მოხდება“.
როგორც ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, თემურ ალასანიას განცხადება ნიშნავს საქართველოსთვის ფართომასშტაბიან ომს.
„ყველას კარგად გვესმის, რომ ეს ყველაფერი საქართველოსთვის დიდ ომს ნიშნავს, რაც ქვეყნის ინტერესებში არ შედის არც ტერიტორიების დაბრუნების თვალსაზრისით და არც რეალური შერიგების მიმართულებით, რაც ჩვენი ინტერესია. ჩვენი მიზანია, ქართული, ოსური და აფხაზური საზოგადოებების რეინტეგრაცია. თემურ ალასანიას განცხადება ნიშნავს საქართველოსთვის ფართომასშტაბიან ომს, რაც არის დამღუპველი და დამანგრეველი. აქ საუბარი უკვე ხელისუფლებაზეც აღარ არის. ყოფილი პრეზიდენტის, მისი დედისა და ბიძის განცხადებები არის იმ დიდი დანაშაულის გაგრძელება, რაც მათმა პოლიტიკამ 2008 წელს შესაძლებელი გახადა – დაუფარავი რუსული აგრესია და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.