ირაკლი ქადაგიშვილი - ურეიტინგო ოპოზიციას ქვეყნის განვითარება რევოლუციის საშუალებას არ აძლევს
ირაკლი ქადაგიშვილი - ურეიტინგო ოპოზიციას ქვეყნის განვითარება რევოლუციის საშუალებას არ აძლევს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ნებისმიერი პროექტი, რომელიც საქართველოში ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებას ისახავს მიზნად, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან თავდასხმის ობიექტი იქნება.

ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა „ლელოს“ განცხადებას რიკოთზე მიმდინარე სამუშაოების საერთაშორისო აუდიტირების საკითხთან დაკავშირებით.

„„ლელოს“ მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავს რიკოთის უღელტეხილის პროექტის დაზიანებას, ამით არ შემოიფარგლება და ამაზე კონკრეტული მინიშნებებიც არის. პერსპექტივაში ეს ანაკლიის პროექტსაც მიადგება. „ლელოს“ ეს მცდელობა მხოლოდ და მხოლოდ იმას ისახავს მიზნად, რომ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი ლოგისტიკური და სატრანსპორტო პროექტების განხორციელება შეფერხდეს, რადგან ეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შეფერხებას გამოიწვევს. რაც შეეხება კონკრეტულად აუდიტთან დაკავშირებულ საკითხებს, ამასთან დაკავშირებით შესაბამისმა სამინისტრომ და მინისტრმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს საზოგადოებას. რა თქმა უნდა, „ლელო“ და ოპოზიცია ამაზე არ გაჩერდებიან. ნებისმიერი პროექტი, რომელიც საქართველოში ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებას მოხმარდება, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან თავდასხმის ობიექტი იქნება.  დავინახეთ, როგორი თავდასხმის ობიექტი გახდა უკვე ბოლოსკენ მიმავალი რიკოთის ეს პროექტი. ანალოგიური თავდასხმის ობიექტი იქნება ახალი აეროპორტის მშენებლობა, ანაკლიის პორტის მშენებლობა და ნებისმიერი პროექტი, რომელიც ქვეყნის განვითარებას უწყობს ხელს. რატომ? იმიტომ, რომ ქვეყნის განვითარება ურეიტინგო ოპოზიციას რევოლუციის განხორციელების საშუალებას არ აძლევს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.