ირაკლი ქადაგიშვილი - შს მინისტრისა და პრემიერის გადაყენების საკითხს სვამს ოპოზიცია, რომელიც ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, შს მინისტრისა და პრემიერის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს მხოლოდ ოპოზიცია აყენებს.
მისივე თქმით, ძალიან ცუდია, როდესაც მედია იცავს პოლიტიკოსის ინტერესს, რომელსაც სურს, აქცია ხელისუფლებაში მოსასვლელად გამოიყენოს.
„ოპოზიცია ტრაგედიას, ადამიანის სიკვდილს, რომელიც იმ მოვლენებთან პირდაპირ, თუ ირიბადაა დაკავშირებული, მხოლოდ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს. ძალიან ცუდია, როდესაც მედია იცავს არა მედია ინტერესს, არამედ პოლიტიკოსის ინტერესს, რომელსაც უნდა, აქცია გამოიყენოს ხელისუფლებაში მოსასვლელად. მე არ მიმაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს. შინაგან საქმეთა მინისტრი რომ პარლამენტში უნდა მოვიდეს, ამაზე ჩვენც გვქონდა განცხადება, ამიტომ შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში მოსმენაზე იქნება დაბარებული.
იყო აქცია, რომელიც არანაირად მოასწავებდა, რომ ძალადობა უნდა ყოფილიყო. აქციის მიზანი, რაც გამოცხადდა პარაკლისის გადახდა იყო. პრაიდის მონაწილეები ახლო-მახლოშიც არ უნდა ყოფილიყვნენ. მათი აქცია დაგეგმილი იყო ექვსი საათის შემდეგ. ამიტომ არ იყო პოლიციის იმ რაოდენობით მობილიზება, რაც მეორე დღეს, ეს აბსოლუტურად გაუთვლელი რისკი იყო. როდესაც დაიწყო ჟურნალისტებზე ძალადობა, რომელიც დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, პოლიციის მხრიდან მაქსიმალურად დაიწყო რეაგირება. აქედან გამომდინარე, ჩვენ რომ ყველაფერი ამაზე ავაგოთ, ჰიპოტეტურადაც რატომ ვერ წარმოიდგინე ის, რაც არასდროს მომხდარა და ამის გამო ქვეყანაში ხელისუფლება გადადგეს, არასწორი იქება. არის მცდელობა, რომ სიტუაცია ხელოვნურად მიიყვანონ კრიზისამდე. ვფიქრობ, ეს არ არის სწორი. ადამიანი გარდაიცვალა და არ ელოდოებიან დასკვნას, რა გახდა ამის მიზეზი. პირდაპირ ხდება უხეში მანიპულირება და დაკავშირება ამ საკითხისა ძალადობასთან, რაც ხუთი დღის წინ მოხდა. ხდება ასეთი საკითხების პოლიტიკურ ინტერესებთან მიბმა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გუშინ გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია და მიმდინარეობს ექსპერტიზა. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.