ირაკლი ქადაგიშვილი - შიდა პოლიტიკაში არამართლზომიერად ჩართული პირები საქართველოში საკუთარი მარცხის დასატირებლად ჩამოვიდნენ, მათ ქართველი ხალხი ნაკლებად აინტერესებთ
კარგად იციან, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ნორმალურ ვითარებაში, სუფთად ჩატარდა, მაგრამ აქვთ პოლიტიკური ინტერესი, რომ ხელისუფლებაში იყვნენ ის ძალები, ვისთანაც პირდაპირი კავშირი აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
ქადაგიშილის თქმით, ეს პიროვნებები არიან დაინტერესებული პოლიტიკური აქტორები, რომლებიც კანონის, დიპლომატიური წესისა და ევროპული ქარტიის უხეში დარღვევით პირდაპირ იყვნენ ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში.
„დღეს, როცა ადგილობრივმა ფილიალებმა არჩევნებში მარცხი განიცადეს, ბუნებრივია, გაპროტესტების ამ ფორმას შეუერთდნენ. მათ კარგად იციან, რატომ ზის მიხეილ სააკაშვილი. იციან, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. კარგად იციან, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ნორმალურ ვითარებაში, სუფთად ჩატარდა, მაგრამ მათ აქვთ პოლიტიკური ინტერესი, რომ ხელისუფლებაში ის ძალები იყვნენ, ვისთანაც პირდაპირი კავშირი აქვთ, მათ ეს ინტერესი ამოძრავებთ.
მეორე საკითხია, რატომ უნდათ ამ ძალების ხელისუფლებაში ყოფნა. ესენი არიან ქვეყნის შიდა პოლიტიკაში არამართლზომიერად ჩართული პიროვნებები, რომლებიც საქართველოში საკუთარი მარცხის დასატირებლად ჩამოვიდნენ, მათ საქართველო და ქართველი ხალხი ნაკლებად აინტერესებთ, აქვთ პოლიტიკური მიზანი, რასაც დემოკრატიული არჩევნების გზით ვერ აღწევენ და ახლა სურთ, საქართველოს მოსახლეობა ტერორის გზით დააშანტაჟონ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა 11 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაში მიიღეს მონაწილეობა.