ირაკლი ქადაგიშვილი - პროტესტმა გვაჩვენა, რომ რაღაც საკითხებზე მეტი მუშაობა გვჭირდება, საზოგადოებამ კი დაინახა, რომ ახალგაზრდებს არ უნდათ ის, რაც სურთ რადიკალური ოპოზიციის მესვეურებს
ხალხმა დაინახა, რომ ეს ხელისუფლება არ არის ის, რომელიც არ გაიგონებს თავისი ხალხის, მით უმეტეს, ახალგაზრდის გულის ნათქვამს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებამ ასევე დაინახა, რომ ახალგაზრდებს არ უნდათ ის, რაც რადიკალური ოპოზიციის მესვეურებს სურთ.
ამასთან, როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, გაბანკროტებულ რადიკალურ ოპოზიციას თავისი მიზნების მიღწევა არც მომავალში გამოუვა.
„საპროტესტო დღეებმა ხელისუფლებასაც და დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრსაც ორი რამ დაგვანახა. პირველ რიგში, ხელისუფლებას დაანახა, რომ რაღაც საკითხთან დაკავშირებით გაცილებით მეტი მუშაობა სჭირდება. მეორე, ხალხმა დაინახა, რომ ეს ხელისუფლება არ არის ის ხელისუფლება, რომელიც არ გაიგონებს თავისი ხალხის, მით უმეტეს, ახალგაზრდის გულის ნათქვამს. ეს ხელისუფლება არ გადატეხავს წელში თავის მოქალაქეს. ეს ის ხელისუფლებაა, რომელიც არა მარტო დეკლარირებულად ამბობს, რომ მე მინდა მშვიდობა, სტაბილურობა და ამ ქვეყნის ღირსებით სვლა ევროპის მიმართულებით, არამედ ამას საქმით ახორციელებს. ზუსტად ვხედავთ, სად იმალება ამ შემთხვევაში ის პროვოკაცია, რომლის მოწყობასაც ეს ადამიანები ცდილობდნენ. ჩვენ და საზოგადოებამ დავინახეთ, რომ, ამ პროტესტის მიუხედავად, რადიკალური ოპოზიციის გეგმები შეუსრულებადია, რადგან იმ ახალგაზრდებს არ უნდათ ის, რაც უნდათ ამ რადიკალური ოპოზიციის მესვეურებს. ამის ლუსტრაციაც მოხდა ნათლად. ამიტომ ეს გეგმები შეუსრულებელი იყო და შეუსრულებლად დარჩება. გაბანკროტებულ რადიკალურ ოპოზიციას უნდოდა, ამ ტალღაზე მიეღწია თავისი მიზნებისთვის, მაგრამ, ვფიქრობ, მათ ეს არ გამოუვიდათ და არც მომავალში არ გამოუვათ. ერთადერთი გზაა, მათ უნდა შეძლონ ისეთი ტრანსფორმაცია თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგის, როგორიც მათ საშუალებას მისცემს, რომ ხალხში ნდობა მოიპოვონ და ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით. რევოლუციის გზით საქართველოში ეს არ გამოვა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.