ირაკლი ქადაგიშვილი - სამივე სახელმწიფოს მიმართ ევროკომისიის შეფასებებს თუ შევადარებთ, ვნახავთ, რომ საქართველო კვლავ კარგ პოზიციაზეა
ევროკომისიის მხრიდან შუალედური შეფასება იმის საფუძველსა და საბაბს იძლევა, რომ წლის ბოლოს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ სტატუსზე, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.
ქადაგიშვილი გამოეხმაურა საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის ზეპირ ანგარიშს, რომელიც გუშინ ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ წარადგინა.
„სამივე სახელმწიფოს მიმართ გაკეთებულ შეფასებებს თუ შევადარებთ, ვნახავთ, რომ საქართველო კვლავ კარგ პოზიციაზეა. მოლდოვასა და საქართველოს უთხრეს, რომ სამი რეკომენდაცია სრულად არის შესრულებული, დანარჩენზე პროგრესია, უარყოფითი იყო მედია და ალბათ ეს, მათი გაგებით, გვარამიას ეხებოდა. ეს ახლო მომავალში გამოჩნდება. შუალედური შეფასება იმის საფუძველსა და საბაბს იძლევა, რომ წლის ბოლოს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ სტატუსზე. რეკომენდაციები როცა გაიცა, ზოგადი ხასიათის იყო, რომლის შესრულების კრიტერიუმები მოცემული არ იყო და ამ მიმართულებით ყოველთვის ჩნდება წაკითხვისა და თავისუფალი მანევრის საშუალება შემფასებლისთვის. ქართულ მხარესთან ჩაღრმავებული საუბარი თუ იქნება, შეიძლება, მეტი პროგრესი დაინახონ სხვა საკითხებზე. სამივე ქვეყანაში მედიასივრცეს თუ შევადარებთ, ნახავთ, რომ საქართველოში ოთხი ოპოზიციური მაუწყებელია და არანაირი შეზღუდვა არ აქვთ. ანალოგიური სიტუაცია არც უკრაინაშია და არც მოლდოვაში, ფაქტობრივად, იქ მედია ერთსახოვანია. რა თქმა უნდა, მედიაპლურალიზმის კუთხით საქართველოს რეალური პროგრესი აქვს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.