ირაკლი ქადაგიშვილი - სამი რეზოლუცია „ფეიკი“ აღმოჩნდა და გვესმის უხერხულობა, რასაც შეიძლება, ევროპარლამენტარები განიცდიდნენ, მაგრამ ასე ადვილად არ აღიარებენ, რომ საკითხი კარგად არ გააანალიზეს
ევროპარლამენტარები ასე ადვილად არ აღიარებენ და არ იტყვიან, საკითხი კარგად არ გავაანალიზეთო. გვესმის ის პოლიტიკური უხერხულობა, რასაც შეიძლება, განიცდიდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული სამი რეზოლუცია „ფეიკი“ აღმოჩნდა, რაც თავიდან ბოლომდე დაამტკიცა სტრასბურგის სასამართლომ.
„ჩვენ თუ შევხედავთ ევროპარლამენტარების გარკვეული ნაწილის გამონათქვამებს, ეს არის იმ პროპაგანდისტული ჰედლაინების ნაკრები, რომელსაც ავრცელებდნენ საქართველოსთან დაკავშირებით. კონკრეტულ საუბარში როცა შედიხარ, არგუმენტი არ აქვთ. სამი რეზოლუცია, ფაქტობრივად, „ფეიკი“ აღმოჩნდა, რაც თავიდან ბოლომდე დაამტკიცა სტრასბურგის სასამართლომ. რა თქმა უნდა, ასე ადვილად უარს არ იტყვიან და არ აღიარებენ, რომ, სულ მცირე, შეცდომაში ვიყავით შეყვანილი ან საკითხი კარგად არ შევისწავლეთ, არ გავაანალიზეთო. რა თქმა უნდა, გვესმის ის პოლიტიკური უხერხულობა, რასაც შეიძლება, განიცდიდნენ, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ, ჩვენი მართალი პოზიციები ბოლომდე მივიტანოთ მათთან. ასევე, იქაც იყვნენ ევროდეპუტატები, რომლებიც ამბობდნენ, რომ დიდი შეცდომა იყო, როცა უკრაინას, მოლდოვას მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და მათზე ყველა პარამეტრებით წინ მყოფი საქართველო გახდა პოლიტიკური ვენდეტის მსხვერპლი, რომელსაც ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიცია და მათი მფარველები საზღვარგარეთიდან კულტივირებდნენ. იმ მილიონებს, რომლებიც იხარჯებოდა და დღესაც იხარჯება ქვეყნის იმიჯის შესალახად, კონკრეტული აქტორები ახმოვანებენ და ეს უკვალოდ არ იკარგება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ამასთან, ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიცია ცდილობს, საქართველოს წარუმატებლობაზე საუბრით პოლიტიკური ქულები დაიწერონ.
„მათი ნარატივია, რომ საქართველო წარმატებებს ვერ აღწევს, ეს მთავრობის ბრალია და ამიტომ ეს მთავრობა უნდა ჩამოვაგდოთ, ჩვენ უნდა გავხდეთ მმართველებიო. გუშინაც, როცა საქართველოს საკითხის განხილვა მიმდინარეობდა, ქართულმა დელეგაციამ ყველა კითხვაზე, მათ შორის, ხშირ შემთხვევაში რიტორიკულ პოზიციებზე ძალიან მკაფიო და ამომწურავი პასუხები გასცა. იქვე ვნახეთ საქართველოს ოპოზიციის პოზიცია, რომელმაც არ დაიშურა არცერთი სიტყვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ზიანი მიეყენებინა. ბოლოს ლოზუნგივით მიაყოლებენ ხოლმე, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს სტატუსს. ეს არის ფარისევლობა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.