ირაკლი ქადაგიშვილი - სალომე ზურაბიშვილის ბოლო განცხადებები მიუთითებდა, რომ სიტუაციის ე.წ. დალაგება-ჩამოყალიბებაში ევროკავშირი პირდაპირ ჩართულია, რაც უკვე თვით ევროკაშირისთვისაც აღმაშფოთებელი აღმოჩნდა
ბოლო განცხადებები, რაც გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა, პირდაპირ მიუთითებდა, რომ აქ სიტუაციის ე.წ. დალაგება-ჩამოყალიბებაში ევროკავშირი პირდაპირ ჩართულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება ევროკაშირისთვისაც აღმაშფოთებელი აღმოჩნდა.
„საქართველოში წინასაარჩევნო პროცესი ორი რამით გამოირჩევა. ერთი, ეუთო/ოდირის დასკვნით, სადაც წერია, რომ ნორმალური წინასაარჩევნო გარემოა, მაგრამ ამავდროულად გვეუბნებიან, რომ არის გარკვეული პოლარიზაცია. სწორედ ამ პოლარიზაციის ერთ-ერთი „დამბუსტავი“ გახლავთ საქართველოს პრეზიდენტი თავისი განცხადებებით და ქმედებებით, რომლებიც პირდაპირ საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგაა მიმართული. იმის მაგივრად, რომ ის იყოს ნეიტრალური, არის პირდაპირ ოპოზიციური და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი. მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ საარჩევნო პროცესებში საგარეო ჩარევას, რაც ძალიან უხეში და თვალში საცემია, არღვევს დემკრატიის, ქვეყნის სუვერენიტეტის, ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის პრინციპს, ევროპული დემოკრატიის საფუძვლებს. გამომდინარე აქედან, ბოლო განცხადებები, რაც გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა, პირდაპირ მიუთითებდა, რომ აქ სიტუაციის ე.წ. დალაგება-ჩამოყალიბებაში ევროკავშირი პირდაპირ ჩართულია, რომელიც უკვე თვით ევროკაშირისთვისაც აღმაშფოთებელი აღმოჩნდა. ამიტომ მათ მოუწიათ ამ განცხადების გაკეთება, რითიც დეზავიურებული იქნა სალომე ზურავიშვილის განცხადება“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 19 ოქტომბერს ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მისი ქარტიისა და ამ ქარტიით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
ამასთან, მოგვიანებით ევროკავშირის საელჩოში განმარტეს, რომ „არჩევნები ქართველი ხალხის ხელშია, ევროკავშირი არცერთ პოლიტიკურ პარტიას მხარს არ უჭერს და ღიაა მუშაობისთვის ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან“.