ირაკლი ქადაგიშვილი - სალომე ზურაბიშვილი ლაზარე გრიგორიადისს რომ შეიწყალებდა, ამის მოლოდინი იყო, ზურაბიშვილი არის კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგის გამტარებელი
ირაკლი ქადაგიშვილი - სალომე ზურაბიშვილი ლაზარე გრიგორიადისს რომ შეიწყალებდა, ამის მოლოდინი იყო, ზურაბიშვილი არის კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგის გამტარებელი

სალომე ზურაბიშვილი ლაზარე გრიგორიადისს რომ შეიწყალებდა, ამის მოლოდინი იყო, ზურაბიშვილი არის კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგის გამტარებელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც რევოლუციური სცენარებისთვის მოწადინებულია, კიდევ ერთხელ უთხრა, რომ რამდენჯერაც არ უნდა ისროლონ „მოლოტოვის კოქტეილი“ სახელმწიფოს, პარლამენტისა და პოლიციის წინააღმდეგ, ის მათ შეიწყალებს.

„სალომე ზურაბიშვილი ლაზარე გრიგორიადისს რომ შეიწყალებდა, ამის მოლოდინი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ხანია, ეს ადამიანი უკვე აღარ წარმოადგენს საქართველოს ერთიანი ინტერესის დამცველს. იგი არის კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგის გამტარებელი და ამით კიდევ ერთხელ უთხრა ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც რევოლუციური სცენარებისთვის არის აღტკინებული და მოწადინებული, რომ რამდენჯერაც ისვრით „მოლოტოვის კოქტეილს“ საქართველოს სახელმწიფოს, პოლიციისა და პარლამენტის წინააღმდეგ, ნუ გეშინიათ, სამართალს როდესაც დააყენებს ქართული სასამართლო, მე, როგორც პროექტის ადამიანი და არა საქართველოს პრეზიდენტი, ყოველთვის შევიწყალებ ადამიანებზე, პოლიციელებზე და ქართულ სახელმწიფოზე „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელს. ეს არის მისი გზავნილი, მისი პოზიცია და აქედან გამომდინარე, ჩვენ მოგვიწევს მომავალი ექვსი თვის განმავლობაში ასეთი ანტისახელმწიფოებრივი პოზიციის მქონე ადამიანის ატანა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ამასთან, ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტოგრაფის, გიორგი აბდალაძის თანამდებობიდან გადადგომაზე, რომელმაც სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ „პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც სამშობლოს ემსახურება“.

„ადამიანი, რომელმაც სიმწარე, ტკივილი, დევნა და უსამართლო პატიმრობა საკუთარ თავზე გადაიტანა და დღეს ხედავს, რომ ქვეყანაში მართლაც უპრეცედენტო თავისუფლებაა, ყველას შეუძლია თავისი აზრი ნებისმიერ ფორმატში თავისუფლად გამოთქვას, ამ დროს კიდევ ამ მიღწევას, თავისუფლებას ვიღაც არქმევს კრემლს და რუსეთს, რა თქმა უნდა, პატიოსანი ადამიანი, ანუ „არა პროექტის ადამიანი“ ვერ გაჩერდება ამ ჭაობში. იმ ადამიანებს, ვინც არ არიან პროექტის წევრები, თავიანთი ცხოვრებისეული გამოცდილებით საკუთარ თავზე აქვთ დანახული, ტოტალიტარიზმის პირას მყოფი საქართველო როგორ გათავისუფლდა და როგორ მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“, საქართველოსა და ქართულ საზოგადოებასთან ერთად, ქვეყნის ამ ტოტალიტარიზმიდან და სინგაპურიზაციიდან გამოყვანა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

თბილისში 2023 წლის 7, 8, 9 მარტს გამართულ აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა გუშინ მიუსაჯა. გუშინვე, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოუწერია.