ირაკლი ქადაგიშვილი - სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, ქართველი ოლიმპიელების, ქართული სპორტის მიერ მოპოვებული წარმატება იყოს პოლიტიკური დისკუსიის საგანი, მას ჩრდილი მიაყენოს
სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ ცდილობს, გარკვეული დაპირისპირება შემოიტანოს, ქართველი ოლიმპიელების, ქართული სპორტის მიერ მოპოვებული წარმატება იყოს ერთგვარი პოლიტიკური დისკუსიის საგანი და მას ჩრდილი მიაყენოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, დღევანდელი ღონისძიების მიზანი დაჯილდოების ცერემონიალის გამართვა და ორდენების გადაცემა არ არის.
„დღევანდელი ღონისძიება ითვალისწინებს ჩვენს ოლიმპიელებთან შეხვედრას, მათ საზეიმო დახვედრას, წარმატების აღნიშვნას. რაც შეეხება უშუალოდ დაჯილდოების ბრძანებას, დაჯილდოების გადაცემის პროცედურას – ეს სხვა საკითხია. აქედან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ ცდილობს, გარკვეული დაპირისპირება შემოიტანოს იმაში, რომ ეს წარმატება, რომელსაც ქართველმა ოლიმპიელებმა, ზოგადად ქართულმა სპორტმა მიაღწია, რამენაირად იყოს ერთგვარი პოლიტიკური დისკუსიის საგანი და ერთგვარი ჩრდილი მიაყენოს ამას“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ქადაგიშვილის თქმით, სპორტსმენებთან დღევანდელი შეხვედრა საზოგადოებასთან მათი გამარჯვების და მიღწევების გაზიარებაა.
„დაჯილდოება და ჯილდოს გადაცემის ცერემონია სხვა საკითხი გახლავთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართველ ოლიმპიელებთან დაკავშირებულ დღევანდელ ღონისძებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ოლიმპიელების ასე სწრაფად დაჯილდოება არ შეიძლება, რადგან ოლიმპიელების წარმატებები ყველამ ერთად უნდა იზეიმოს და სახალხო ზეიმის მოწყობას აპირებს. ამავდროულად, სალომე ზურაბიშვილის თქმით, იწყება პარალიმპიადა, რომელიც გრძელდება 8 სექტემბრამდე, შესაბამისად, ყველას მიღება ერთად გაიმართება.