ირაკლი ქადაგიშვილი - სააკაშვილის უკანონოდ გატანილ ნიმუშს ოფიციალური მტკიცებულების სახე ვერ ექნებოდა, მაგრამ სტრასბურგს ვინ ეკითხება? სამწუხაროდ, მსოფლიოში საქმე დღეს ასეა დაყენებული
ვინაიდან მეორე ფრონტი არ გამოვიდა, ახლა ყველანაირი მცდელობაა, რომ საქართველო მუდმივად დარტყმის და ზეწოლის ქვეშ იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის ნიმუშების უკანონოდ გატანა ემსახუროდებოდა სწორედ იმას, რომ მის დამუშავებას მოახდენდნენ და ეს იქნებოდა მორიგი პროპაგანდისტული ტალღის აგორების საბაბი.
„როგორც წესი, ომი ერთუცნობიანი განტოლება არ არის, მრავალუცნობიანი განტოლებაა. ფაქტია, ამ ომში სააკაშვილს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონოდა საქართველოში, როგორც მეორე ფრონტის გახსნის ფლაგმანს. ვინაიდან მეორე ფრონტი პირდაპირ არ გამოვიდა, ახლა ყველანაირი მცდელობა იქნება და არის, რომ საქართველო მუდმივად დარტყმის და ზეწოლის ქვეშ იყოს. ნიმუშების უკანონოდ გატანა და მოპოვება სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ ამ ნიმუშის დამუშავებას მოახდენდნენ. ამას ოფიციალური მტკიცებულების სახე ვერ ექნებოდა, მაგრამ ვინ ეკითხება სტრასბურგს? სამწუხაროდ, დღეს მსოფლიოში ასეა საქმე დაყენებული. ეს იქნებოდა მორიგი, ძალიან დიდი პროპაგანდისტული ტალღის აგორების საბაბი. ამ ვაი-ექიმს ეს მიზანი ჰქონდა, რომელიც საექიმო ფიცსაც არღვევდა და ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.