ირაკლი ქადაგიშვილი - სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან არც არსად წასულა, ყოველთვის დესტრუქციული დღის წესრიგი ჰქონდა, ახლა სერიალის ახალ სეზონს გვიანონსებენ
ირაკლი ქადაგიშვილი - სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან არც არსად წასულა, ყოველთვის დესტრუქციული დღის წესრიგი ჰქონდა, ახლა სერიალის ახალ სეზონს გვიანონსებენ

სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან არც არსად წასულა, უკრაინაში ყოფნის დროსაც ქართულ პოლიტიკაში იმყოფებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის საქართველოში შემოპარვის მიზანიც ქართულ პოლიტიკაში დიდი დესტრუქციის შემოტანა იყო.

„მილიონი დახარჯა, რომ საქართველო მაქსიმალურად უარყოფითი სახით წარმოეჩინა. მთელი მსოფლიოს თვალწინ იძახდა, რომ მოწამლეს, აწამეს, კლავდნენ, არ მკურნალობდნენ. საქართველოს წინააღმდეგ ამ დიდ შეთქმულებას სტრასბურგის სასამართლომ წერტილი დაუსვა. ახლა სერიალის ახალ სეზონს გვიანონსებენ, რომ დავბრუნდი ქართულ პოლიტიკაში. ყოველთვის აქ იყო, ყოველთვის ეს დესტრუქციული დღის წესრიგი ჰქონდა. სიახლე ამ კუთხით არაფერია. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღების მისაქცევიც არ არის. ფორმალურად და იურიდიულად მას არ ექნება საშუალება, ქართულ პოლიტიკაში ან კენჭი იყაროს, ან ხმის მიმცემი იყოს, ან თანამდებობაზე დაინიშნოს, ჰიპოტეტურად ვამბობ, სამართლებრივი კუთხით. რეალურად, მისი გავლენა ყოველთვის იყო გამოკვეთილი საქართველოს მაქსიმალურად უარყოფითი კუთხით წარმოჩენაში. საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად“.