ირაკლი ქადაგიშვილი - სააკაშვილი არათუ დანაშაულს ინანიებს, პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ფული იხადა, რათა საქართველო უმძიმესი დანაშაულების დაბრალების ობიექტი გამხდარიყო
ირაკლი ქადაგიშვილი - სააკაშვილი არათუ დანაშაულს ინანიებს, პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ფული იხადა, რათა საქართველო უმძიმესი დანაშაულების დაბრალების ობიექტი გამხდარიყო

სააკაშვილი არათუ დანაშაულს ინანიებს, პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ფული იხადა, რათა საქართველო უმძიმესი დანაშაულების დაბრალების ობიექტი გამხდარიყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აქცია-პერფორმანსის შესახებ, რომლის ფარგლებშიც სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვებულ ხელმოწერებს მიუტანენ.

„გასაგებია, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიაა და თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს. რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ შეწყალების და არშეწყალების საკითხს, შეწყალება არის აქტი, რომელიც, სულ მცირე, სამართლიანობას უნდა ითვალისწინებდეს იმის მიმართაც, ვისაც იწყალებ და იმ საზოგადოების მიმართაც, ვის წინააღმდეგადაც შესაწყალებელს დანაშაული აქვს ჩადენილი. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ადამიანი დანაშაულებს არ ინანიებს, პირიქით, პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ყველაფერი გააკეთა და ფული იხადა, რათა ჩვენი ქვეყანა, საქართველო უმძიმესი დანაშაულების დაბრალების ობიექტი გამხდარიყო. თანამედროვე მსოფლიოში იმაზე უფრო მძიმე ბრალდებები არ არსებობს, ვიდრე „მომწამლეს, მაწამეს, არ მიმკურნალეს“. ეს ადამიანი ასეთ ტყუილებს აბრალებდა თავის ქვეყანას პერმანენტულად და რომელ შეწყალებაზეა საუბარი?“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.