ირაკლი ქადაგიშვილი - სააკაშვილი არათუ დანაშაულებს ინანიებს, არამედ დაპატიმრების შემდეგაც რაც კი შეიძლებოდა, ქვეყანას ყველაფერი ცუდი გაუკეთა, წარმოუდგენელია, ასეთი ადამიანი შეიწყალო
მიხეილ სააკაშვილი არათუ თავის დანაშაულებს ინანიებს, არამედ დაპატიმრების შემდეგაც, რაც კი შეიძლებოდა, ქვეყანას ყველაფერი ცუდი გაუკეთა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, პრეზიდენტი არაფრად უნდა აგდებდეს ქვეყნის პრესტიჟს, ინტერესს, რომ ასეთი ადამიანი შეიწყალოს.
„შეწყალება თავისი შინაარსით იმას ნიშნავს, როცა პატიმარი დანაშაულს ინანიებს და მისი შეწყალება უნდა მოხდეს, მაგრამ ვხედავთ, მიხეილ სააკაშვილი არათუ თავის დანაშაულებს ინანიებს, არამედ საქართველოში რა მიზნითაც შემოიპარა – ეს არის დესტაბილიზაცია. დაპატიმრების შემდეგ, რაც კი შეიძლებოდა, ქვეყანას ყველაფერი ცუდი გაუკეთა – თქვა, მომწამლეს, მაწამეს და არ მიმკურნალესო. რა შეიძლება, 21-ე საუკუნეში ქვეყანას ამაზე დიდი ცოდვა და ბრალდება წაუყენო? თან ამბობდა, ეს ყველაფერი ვლადიმერ პუტინის პირდაპირი დავალებით კეთდებოდაო. ამის შემდეგ ეს ადამიანი კიდევ შეწყალებას ითხოვს. არ ვიცი, საქართველოს რომელ პრეზიდენტს შეიძლება ეყოს თავისი ქვეყნის მიმართ სიძულვილი და ქვეყნის პრესტიჟს, ინტერესს არაფრად უნდა აგდებდეს, რომ ასეთი ადამიანი შეიწყალოს და თქვას, რომ, რასაც ეს ადამიანი ამბობდა, ვერ დავამტკიცებთ, მაგრამ სიმართლე არისო. არ ვიცი, ვინმეს ასეთი დამოკიდებულება თუ ექნება თავისი ქვეყნის მიმართ, რადგან ეს წარმოუდგენელია“, – განუცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს.