ირაკლი ქადაგიშვილი - რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის სტატისტიკა აჩვენებს, რომ გაზრდილი არ არის, წინასწარი აჟიოტაჟის ატეხვა არასწორი ტაქტიკაა, რომელსაც ოპოზიცია ყველა მიმართულებით ირჩევს
საქართველოში რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის სტატისტიკა აჩვენებს, რომ გაზრდილი არ არის. წინასწარი აჟიოტაჟის ატეხვა და პანიკის დათესვა ძალიან არასწორი ტაქტიკაა, რომელსაც სამწუხაროდ, ოპოზიცია ყველა მიმართულებით ირჩევს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, სტატისტიკის მაჩვენებლები დაახლოებით იგივე პარამეტრებში ტრიალებს, რაც პანდემიამდე პერიოდში იყო და ცოტათი ნაკლებიც არის.
„წინასწარი აჟიოტაჟის ატეხვა და პანიკის დათესვა ძალიან არასწორი ტაქტიკაა, რომელსაც სამწუხაროდ, ოპოზიცია ყველა მიმართულებით ირჩევს. რაც შეეხება ამ მიმართულებით საფრთხეებს, რომელიც შესაძლოა ზოგადად ქვეყანას ჰქონდეს, ამ საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პასუხი გაგვცა, რომ ეს არის მუდმივი მონიტორინგისა და ფართო ოპერატიული მუშაობის საგანი სამართალდამცავების მხრიდან. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ამ თემით სპეკულირება იმ მიზნებს ემსახურება, რომელსაც ქართული ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლების წინააღმდეგ ეწევა და შექმნილ ვითარებას იყენებს საკუთარი ვიწროპარტიული დღის წესრიგის შესასრულებლად“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.