ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველოსთვის თითქოს სასიკეთო, მაგრამ პოლიტიკურად დამაზიანებელ ნაბიჯებს რუსეთი კიდევ გადადგამს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ნაბიჯები სინქრონული იქნება, ვიმოქმედებთ მხოლოდ პარტნიორებთან ერთად
არავის უნდა ეგონოს, რომ რუსეთს ბაზრის გახსნაზე ახლა მივმართეთ, საქართველოს რუსეთთან გარკვეული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები უკრაინაში ომის დაწყებამდე ჰქონდა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ამავე დროს, თავად ქართული ბიზნესის ინიციატივა იყო გარკვეული რძის პროდუქტების მწარმოებლებს ბაზრის დივერსიფიკაციის საშუალება ჰქონოდათ. ამიტომ, ეს მოლაპარაკებები ახლა კი არ მიმდინარეობდა, მოლაპარაკებები სამი წლის წინ მიმდინარეობდა. უბრალოდ, რუსეთის ფედერაცია ქართული პროდუქციისთვის ბაზარს არ ხსნიდა და ახლა მიიღო ბაზრის გახსნის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ასე ვიღაც დეპუტატი გამოვიდა და თქვა, იქნებ, ფრენები აღვადგინოთო. მათი მხრიდან ნაბიჯები, რომელიც დაძაბულობის ესკალაციას შეუწყობს ხელს, კიდევ მრავალი იქნება. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება იმაში, თუ რატომ დგამს რუსეთი საქართველოსთვის თითქოს სასიკეთო ნაბიჯებს, სინამდვილეში კი, პოლიტიკურად დამაზიანებელ ნაბიჯებს, ამაზე კითხვა არ უნდა ისმებოდეს. ის ასეთ ნაბიჯებს გადადგამს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ნაბიჯები სინქრონული იქნება. ჩვენ მხოლოდ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიმოქმედებთ. მათ შორის, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ რუსეთი პოლიტიკურად პროვოკაციულ ნაბიჯებს კიდევ გადადგამს.