ირაკლი ქადაგიშვილი - რასა იუკნევიჩიენეს განცხადება არის ტრენდი საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად, რათა საქართველოში კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ გაუხსნან გზა
რასა იუკნევიჩიენეს განცხადება არის დამაზიანებელი, არაევროპელი პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელი განცხადება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარის, რასა იუკნევიჩიენეს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე, რომ „საქართველო ბელარუსთან უფრო ახლოსაა, ვიდრე მოლდოვასთან“.
მისი შეფასებით, ეს არის გარკვეული ტრენდი, რასაც ახორციელებენ, რათა საქართველოს ინტერესები დააზიანონ.
„ეს განცხადება კლასიკური მაგალითია, როცა ვამბობთ, რომ ასეთი სახის პოლიტიკოსების განცხადებებში არანაირი ობიექტურობა, არანაირი რეალობა არ არსებობს. ეს არის ზეპირი განცხადება, რომელსაც რეალობასთან კავშირი არ აქვს, გარკვეული ტრენდი, რასაც ახორციელებენ, რათა საქართველოს ინტერესები დააზიანონ და საქართველოში გზა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ გაუხსნან. სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები პირები თუ ასეთი პოლიტიკოსის განცხადებებს აჰყვებიან, მაშინ ის 50 პროცენტი იმუშავებს, როცა ვამბობთ, რომ სტატუსს 50/50-ზე ველოდებით. შეფასებას თუ საქართველოს კონკრეტული მდგომარეობით მიიღებენ, გადაწყვეტილება სასიკეთო იქნება. საქართველოსთვის დამაზიანებელ და არაობიექტურ განცხადებებს როცა ვაკრიტიკებთ, ანტიევროპულ განცხადებად გვითვლიან. ამ ადამიანის განცხადება არის დამაზიანებელი, არაევროპელი პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელი განცხადება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.