ირაკლი ქადაგიშვილი - რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნაა, საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს, მიაჩნიათ, რომ სტატუსი მათთვის ყოველგვარი პერსპექტივის მოკვლა იქნება
ირაკლი ქადაგიშვილი - რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნაა, საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს, მიაჩნიათ, რომ სტატუსი მათთვის ყოველგვარი პერსპექტივის მოკვლა იქნება

რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნაა ერთადერთი რამ, საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს, მიიჩნევენ, რომ სტატუსის მონიჭება იქნება მათთვის ყოველგვარი პერსპექტივის მოკვლა – რევოლუციური სცენარის ან არჩევნებში გამარჯვების. ამიტომ ამბობენ, ამ ხელისუფლების პირობებში არ მიანიჭოთ სტატუსი, ხელისუფლება რომ შეიცვლება, შემდეგ მოგვანიჭეთო, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკა იზრდება და ქვეყნისთვის კიდევ კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის კოშმარული სიზმარი რადიკალური ოპოზიციისთვის, რის გამოც ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს რეალობა არ დადგეს.

„საპარლამენტო დელეგაციები როცა იმყოფებოდნენ ბრიუსელში, საფრანგეთში და ა.შ., სადაც ევროპარლამენტარებთან დებატების დროს თვალნათლივ დავანახეთ საქართველოს ხელისუფლების თუ ზოგადად საქართველოს მისწრაფება, გაკეთებული საქმეები, დღეს სხდომაზე წამოვიდა ნიაღვარი, როგორ თუ დადებითად აფასებთ თქვენს მოღვაწეობას და იმ განცხადებებს, მიღწეულ შედეგებს, რაც ევროსაბჭოში თუ სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტარებთან შეხვედრის დროს გაკეთდა. რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნაა ერთადერთი რამ – საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს. ისინი მიიჩნევენ, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭება იქნება მათთვის ყოველგვარი პერსპექტივის მოკვლა – რევოლუციური სცენარის ან არჩევნებში გამარჯვების. ამიტომ ამბობენ – ამ ხელისუფლების პირობებში არ მიანიჭოთ კანდიდატის სტატუსი და ხელისუფლება რომ შეიცვლება, მერე მოგვანიჭეთ. მარტივი ლოგიკაა, აქ არის ვიწროპარტიული ინტერესი. ამ ვიწროპარტიულ ინტერესს ფუთავენ ათასნაირი კაზუისტიკური წინადადებებით და გამოთქმებით. წარმოიდგინეთ, ქვეყანაში მშვიდობაა, სტაბილურობას ვინარჩუნებთ, ეკონომიკა იზრდება და კიდევ კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს, ეს არის კოშმარული სიზმარი რადიკალური ოპოზიციისთვის. ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქვეყანაში ეს რეალობა არ დადგეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.