ირაკლი ქადაგიშვილი - რადიკალურ ოპოზიციასთან ვერცერთ საკითხზე მოხდა შეთანხმება, თვლიან, რომ კანდიდატის სტატუსის ამ ხელისუფლების პირობებში მიღება პოლიტიკური ხარაკირია საკუთარი ხელით
რადიკალურ ოპოზიციასთან, რეალურად, ვერცერთ საკითხზე ვერ მოხდა შეთანხმება, რადგან თვლიან, რომ 12 რეკომენდაციის შესრულება და კანდიდატის სტატუსის მიღება ამ ხელისუფლების პირობებში, არის მათივე ხელით შესრულებული პოლიტიკური ხარაკირი, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
„ამიტომ, ისინი არცერთ რეალურ შეთანხმებაზე არ მოდიან. დროის გაწელვა, არაფრის მთქმელი სიტყვები, ბევრი ლაპარაკი და არაფერზე შეთანხმება – აი, ეს არის მათი ტაქტიკა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა მმართველ გუნდს კომუნიკაცია იმ ოპოზიციონერ დეპუტატებთან, რომლებმაც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას მხარი დაუჭირეს, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ მათთან არავითარი კონსულტაცია არ ყოფილა.
შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა „ქართულ ოცნებას“ იმის გარანტია, რომ მისთვის სასურველ კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციიდან ხმებს მიიღებდა, რაც მათ გასაყვანად იქნებოდა საჭირო, რადგან ორი დღის წინ მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის მისამართით მოულოდნელად გააკეთა შეთავაზება, რომ მათ ერთი დღის ვადაში წარედგინათ სასურველი კანდიდატები, რომ საკითხი ვეღარ გადაიდება და კენჭისყრა აუცილებლად იქნება, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ არავითარი კონკრეტული გარანტია არ ჰქონია.
„ჩვენ გვქონდა 89 ხმა გარანტირებული. ერთი ხმა აკლდებოდა და თვითონ ის პროცესი, რომელიც ოპოზიციაში მიმდინარეობდა, ნათლად აჩვენებდა, რომ შესაძლებელი იყო, თავისუფალი კენჭისყრის პირობებში შესაბამისი რაოდენობის ხმა მოგროვებულიყო. როგორც კი დაინახეს, რომ ხდება ხმების მიცემა და გავიდა სამი კანდიდატი, რადიკალურმა ნაწილმა ეგრევე დაიწყო დეპუტატების პირდაპირი ბულინგი, ფიზიკური ზეწოლა და მათი გაყრა პარლამენტის დარბაზიდან. ანუ, მათ დეპუტატებზე პირდაპირი ზეწოლა მოახდინეს, მათი გარკვეული პოლიტიკური პოზიციის გამო, რომელიც კონკრეტულ კენჭისყრაში აისახა. აი, ეს არის, აქეთ ატრიალებენ და იმას კი არ ხედავენ ეს „სუპერდემოკრატები“, რომ კონკრეტულ დეპუტატებზე დაიწყეს ძალადობა, როგორც მორალური, ისე ფიზიკური“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას შესთავაზა, კანდიდატების უფრო ფართო შემადგენლობა წარედგინათ, რათა უმრავლესობასაც ჰქონოდა არჩევანის საშუალება, მაგრამ მათ განაცხადეს, რომ ვინც უნდოდათ, მხოლოდ ამ კანდიდატების გარეშე უნდა ელაპარაკა უმრავლესობას.
„ისინი ამაზე არ მოდიოდნენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში სწორედ ამაზე არ მოდიოდნენ. ჩვენ შევთავაზეთ, წარმოადგინეთ თქვენი კანდიდატები, 30-დან 10 კანდიდატი მაინც წარმოადგინეთ, რომ ჩვენც გვქონდეს არჩევანის გაკეთების საშუალება-თქო, მაგრამ არა, მხოლოდ ისინი, ვინც არასამთავრობო სექტორთან და მათთან დაკავშირებული ადამიანები არიან. აი, ეს არის მათი კომპრომისის ვიწრო ხვრელი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.