ირაკლი ქადაგიშვილი - რადიკალების მიზანი იყო რევოლუციური სცენარის რეალიზაცია, ამ მიზანს ისახავს კეზერაშვილის უკანონოდ ნაშოვნი ფულის პოლიტიკაში კონვერტირება
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, დავით კეზერაშვილი ქართული ჯარის გაძარცვის შედეგად მიღებულ თანხებს ხარჯავს ქართულ პოლიტიკასა და მედიაში.
„ვხედავთ, რომ დავით კეზერაშვილი არის დამფინანსებელი მთელი ოპოზიციური პარტიების, ასევე მედიის. არ მიმაჩნია, რომ მდიდარ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკაში, თუ მედიაში ყოფნის აკრძალვა. აქ საუბარია იმაზე, რომ ამ ადამიანს ეს ფინანსები აქვს ქართული ჯარის გაძარცვის შედეგად მიღებული და აქ მთავარი პრობლემა სწორედ ეს არის. ის რომ იყოს პატიოსანი ბიზნესმენი, თავისი საქმიანობით ჰქონდეს მოპოვებული თანხები და ამას ხარჯავდეს პოლიტიკაში, მედიაში, გასაკვირი არაფერი იქნებოდა. მორალურად მიუღებელი უნდა იყოს პოლიტიკაში ასეთი ბინძური ფულის შემოტანა“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიციაში მიმდინარე პროცესები გამოწვეულია იმით, რომ არასწორი პოლიტიკური მიზნები დაისახეს.
„არასწორია მათ მიერ არჩეული პოლიტიკაც, რომ ომის დროს ქვეყანა დაეზარალებინათ. მათ ომის პარტია ტყუილად არ დაერქვათ. ოპოზიციის რეიტინგი მუდმივად ქვემოთ ეცემა, რაც მათ შორის დაპირისპირებას იწვევს. კეზერაშვილი ფინანსებს იმაში იყენებს, რომ რადიკალური დღის წესრიგი ასაზრდოოს. რადიკალების მიზანი იყო რევოლუციური სცენარის რეალიზაცია და ქვეყნის ისეთ პროცესებში ჩართვა, რაც მშვიდობისა და განვითარების პერსპექტივას მოკლავდა. ამას ისახავს მისი უკანონოდ ნაშოვნი ფულის ქართულ პოლიტიკაში კონვერტირება“, – განუცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს.