ირაკლი ქადაგიშვილი - საარჩევნო პროცესის დახვეწისთვის ნაბიჯებს უკვე ვდგამთ და ოპოზიცია თუ შემოგვიერთდება, მოხარული ვიქნებით
ირაკლი ქადაგიშვილი - საარჩევნო პროცესის დახვეწისთვის ნაბიჯებს უკვე ვდგამთ და ოპოზიცია თუ შემოგვიერთდება, მოხარული ვიქნებით

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, ოპოზიცია ჩიხში შევიდა და თავისივე მოთხოვნებთან წინააღმდეგობაში მოდის.

მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნები ის წითელი ხაზია, რომელსაც მმართველი გუნდი არ გადადის.

„ამ წითელ ხაზს არ გადავდივართ, მით უმეტეს მას შემდეგ, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა, რომ საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ, გამჭვირვალე და ძირითადი ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა. აქედან გამომდინარე, იმაზე აპელირება, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩავატაროთ, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას და თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული ცვლილებების განხორციელებას, ამ საკითხზე ჩვენი პოზიცია ღიაა. მოლაპარაკებების შედეგად, ბევრ საკითხზე პოზიციების დაახლოება მიღწეული იყო, დასამალი არაფერი გვაქვს. თავიანთ განცხადებებში არიან წინააღმდეგობაში შესული. მათ მოლაპრაკებების მეხუთე რაუნდი რისთვის სჭირდებათ – თუ პარლამენტში შემოსვლას არ აპირებენ, მაშინ ვერ ვგებულობ, რა მნიშვნელობა აქვს საერთოდ რომელიმე რაუნდზე საუბარს? საარჩევნო პროცესის დახვეწისთვის რაც საჭიროა, ამ ნაბიჯებს უკვე ვდგამთ და თუ ამ ნაბიჯების გადადგმაში შემოგვიერთდებიან, მოხარული ვიქნებით“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.