ირაკლი ქადაგიშვილი - ქვეყანაში რომ არის მშვიდობა, ეკონომიკური ზრდა, ეს არის ჩვენი მონაპოვარი და არა ის, რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი რა წერილს მისწერს სალომე ზურაბიშვილს
ბატონი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაში წერია ზოგადად ანტიდემოკრატიული ქმედებები და არცერთი მაგალითი არ მოჰყავს, გარდა იმისა, რომ ასახელებს კანონს, რომელსაც თავად ამერიკელებმა დაარქვეს რუსული და ამ კანონის დასახელებაში ისეთ სიტყვას იყენებს, რომელიც ამ კანონში საერთოდ ნახსენებიც კი არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილისადმი ჯო ბაიდენის წერილთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
ქადაგიშვილის თქმით, „წერილი გვაჩვენებს, რომ ამ შემთხვევაში საკითხი არის პოლიტიკურ ზეწოლაზე და არაობიექტურ მიდგომაზე“.
„ჩემი ღრმა რწმენით, ეს არ არის გამოწვეული ამ კანონით იმდენად, არამედ გამოწვეულია იმით, რომ საქართველომ თავისი ეროვნული ინტერესები ყველაზე მაღლა დააყენა, არ მოხდა საქართველოს ჩართვა ომში. ის, რომ საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და სატრატეგიული თანამშრომლობაა, ანაკლიის პორტის მშენებლობა მიმდინარეობს, ვფიქრობ, ეს ის საკითხებია, რომლებიც ყველაზე მეტად იწვევს გაღიზიანებას, რადგან კანონს არქმევენ სახელს, რომელიც არ წერია ამ კანონში. რუსული დაარქვეს თვითონ და მთელ მსოფლიოს ეუბნებიან, რომ დაარქვით ეს სახელი ამ კანონსო. მგონი, არცერთს წაუკითხავს ეს კანონი. ანუ, ყველას აქვს საშუალება, თავისი ეროვნული ინტერესი მინიმალურად მაინც დაიცვას და საქართველოს არ აქვს. საქართველოს არ აქვს უფლება, დაიცვას ეროვნული ინტერესები და კიდევ ერთხელ 2008 წლის აგრესია არ განხორციელდეს, საქართველოს არ აქვს უფლება, მათ შორის, „შუა დერეფნის“ კორიდორი განავითაროს იმავე ჩინეთთან ერთად. „ქართული ოცნება“ იქნება თავისი ქვეყნის ინტერესების დამცველი. ამას საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის, აშშ-ის ადმინისტრაცია, ადრე თუ გვიან შეაფასებს დადებითად.
უკრაინის მაღალჩინოსნები მიტინგზე ვიდეოჩართვებით გვეუბნებოდნენ, უვარგისი მთავრობა გყავთ, რომ რუსეთზე ახლა შეტევას არ ახორციელებთ და არ ხდება ცხინვალსა და აფხაზეთში გასეირნება „ბეტეერებითა“ და ტანკებითო. აქ მიტინგები გვქონდა და გვეუბნებოდნენ, სირცხვილია, რომ ჩვენ რუსეთთან დაკავშირებით არ ვირჩევთ შემტევ პოზიციასო. რას ნიშნავს ეს? ამას მთელი მსოფლიო ტაშს უკრავდა. უკაცრავად და, არავინ გამოვა და არცერთი პრეზიდენტი ტელევიზორში არ გეტყვის, ტანკში ჩაჯექი და შეუტიე, რუსეთს ომი გამოუცხადეო. მთელი პოლიტიკა, ზეწოლა იყო საქართველოზე დახურულ კარს მიღმა თუ აქ მოწყობილ მიტინგებზე. ჩვენ ამას გავუძელით. ამის გამო მოჰყვა ზეწოლა. დღეს ქვეყანაში რომ არის მშვიდობა, ეკონომიკური ზრდა – ეს არის ჩვენი მონაპოვარი და არა ის, რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი რა წერილს მისწერს სალომე ზურაბიშვილს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.