ირაკლი ქადაგიშვილი - ქართველი ხალხი ხედავს, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იბრძვის, ოპოზიცია კი საქართველოს შესახებ ცუდი ინფორმაციის გავრცელებით არის დაკავებული
ქართველი ხალხი ხედავს, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, პროგრესისთვის, მისი განვითარებისთვის იბრძვის. ოპოზიცია კი საქართველოს შესახებ ცუდი და დამანგრეველი ინფორმაციის გავრცელებით არის დაკავებული, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის.
„ოპოზიციის აღვირახსნილმა პროპაგანდამ თავისი თავი უკვე მოჭამა და მოსახლეობა ხვდება, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ყველაფერს იყენებს იმისთვის, როგორმე ეს ქვეყანა უარყოფითად იყოს წარმოჩენილი ქვეყნის გარეთ თუ მის შიგნით. ხალხმა უკვე დაინახა, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს სიკეთე არ სურთ და მათი კრიზისიც სახეზეა. მუდმივად ცუდზე როცა ხარ მომართული, გინდა-არ გინდა, ეს ცუდი ბუმერანგივით უკან ტრიალდება. მცდელობა, რომ საზღვარგარეთ იჩივლონ, ქვეყანას იმიჯი შეულახონ, ხალხში, პირიქით, გაღიზიანებას იწვევს. „ქართული ოცნებაა“ ის ძალა, რომელიც ქვეყნის საუკეთესო ინტერესებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის. ოპოზიციაც აგულიანებს ამომრჩეველს, რომ ერთად 55 პროცენტი უნდა ავიღოთო. „ქართული ოცნება“ საქართველოსთან ერთად გაცილებით უკეთეს ფორმაშია, ხოლო ოპოზიცია – უფრო ცუდ ფორმაში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.