ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტს, რომელსაც დამოუკიდებელი საგარეო აქტიურობა არ ევალება, ამბობს, მინდა და ვაკეთებო, არ შეიძლება, სახელმწიფო იმაზე იყოს დამოკიდებული, ვის რა მოესურვება
ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტს, რომელსაც დამოუკიდებელი საგარეო აქტიურობა არ ევალება, ამბობს, მინდა და ვაკეთებო, არ შეიძლება, სახელმწიფო იმაზე იყოს დამოკიდებული, ვის რა მოესურვება

პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას უხეშად არღვევს, წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელებაში ის კონსტიტუციის ყველა მოთხოვნას არღვევს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მივიღეთ, რომ სამართლებრივი გზა მოძებნილიყო, რათა პრეზიდენტს მიეთითოს, რომ მან კონსტიტუცია უნდა დაიცვას. ამ სამართლებივი გზის ერთადერთი საშუალებაა იმპიჩმენტის პროცესის დაწყება, რაც გულისხმობს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განმარტოს, თუ რა არის კონსტიტუციის მოთხოვნა და შეესაბამებოდა თუ არა კონსტიტუციას პრეზიდენტის ქმედება.

ევროპის გზისკენ სიარულის არგუმენტით ყველა დარღვევა შეიძლება ინიღბებოდეს – რატომ არის კონსტიტუციის დარღვევა ევროპისაკენ მიმავალი გზა, ამას ვერავინ ახსნის. ევროპისკენ მიმავალ გზაზე ძირითადი პასუხისმგებლობა სწორედ უმრავლესობასა და მთავრობას აქვს. კონსტიტუციით პრეზიდენტს ევალება, რომ მისი საქმიანობა მთავრობასთან შეთანხმებით და მთავრობის ნებართვით ხდებოდეს.

კონსტიტუციის ასეთი უხეში დარღვევით შეიძლება საქართველოში ორხელისფლებიანობა წარმოიშვას. პრეზიდენტს, რომელსაც მთავრობისგან დამოუკიდებელი საგარეო აქტიურობა არ ევალება, ამბობს, რა მნიშვნელობა აქვს მევალება თუ არა, მინდა და ვაკეთებ. დიადი მიზანი მაქვს დასახული!

არ შეიძლება სახელმწიფო იმაზე იყოს დამოკიდებული, ვის რა მოესურვება და ვის რა სურვილი გააჩნია. პრეზიდეტმა იმ სულისკვეთებით უნდა იმოქმედოს, რომ ის იყოს კოლერაციაში მთავრობასთან. როდესაც პრეზიდენტი მთავრობას „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯებით ესაუბრება, მისი მხრიდან კოორდინაციაზე საუბარი აღარ არის“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.