ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გასულია საკონსტიტუციო სივრციდან, დაკარგული აქვს პოლიტიკური წონასწრობა და ვერ აცნობიერებს, რომ მისი განცხადებებით აზიანებს ქვეყანას
პრეზიდენტმა მისი გამოსვლით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ როგორც პრეზიდენტი საერთოდ გასულია საკონსტიტუციო სივრციდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში პრეზიდენტი იქითკენ მიდიოდა, რომ მთავრობისთვის შეფერხებები შეექმნა, არღვევდა კონსტიტუციას, იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული და მან ეს ყველაფერი გუშინდელ გამოსვლაში დაადასტურა
„პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველოში აღარ დარჩა არც ერთი ლეგიტიმური ორგანო და მხოლოდ ის არის ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი. ეს არის უსაფუძვლო ამბიციებს შეწირული ადამიანის განცხადება, რომელიც აღარც კონსტიტუციას ცნობს, აღარც სახელმწიფოს და მხოლოდ თავისი ამბიციების ანაბარა არის მიბარებული „ნაციონალურ მოძრაობას“. პრეზიდენტს ბევრი ფიქრი და ეჭვი აწუხებს, მათ შორის ის, რომ ვაი და „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილმა იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭიროს. ის ოპოზიციის იმედით კონსტიტუციას არღვევდა, მაგრამ ახლა ეუბნება, გარეთ დამელოდეთო. მისი მუქარანარევი ტონი აჩვენებს, რომ სალომე ზურაბიშვილი დაკარგული აქვს პოლიტიკური წონასწრობა და ვერ აცნობიერებს, რომ მისი განცხადებები მას და ქვეყანას აზიანებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც განაცხადა: „არ გადავდგები, არ გადმოვდგები, პარლამენტშიც მივალ. მინდა, ვურჩიო ოპოზიციას, ძლიერი სურათი თუ უნდათ, გარეთ დადგნენ, შიგნით მე ვიქნები“.