ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტის მხრიდან არჩევნების დღეს საკოორდინაციო პლატფორმის მოწყობის ინიციატივა ჩვეულებრივი პროვოკაციაა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ არჩევნების დღეს პრეზიდენტის სასახლეში საკოორდინაციო პლატფორმის მოწყობაზე სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა პროვოკაციაა.
ქადაგიშვილის შეფასებით, მიზანია, არჩევნების დისკრედიტაციის კამპანიის დაწყება. როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ცესკო მაღალ დონეზე მოქმედებს, რაც ყველა საერთაშორისო შეფასებებით არის დადასტურებული.
„პრეზიდენტის მხრიდან ეს ინიციატივა ჩვეულებრივი პროვოკაციაა. ამ ყველაფრის მიზანი არის ის, რომ მისი მფარველი „ნაცმოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნებს როცა წააგებს, არჩევნების დისკრედიტაციის კამპანია დაიწყოს, როგორც ეს 2020 წელს გააკეთეს. ცესკო მაღალ პროფესიონალ დონეზე მოქმედებს, რაც ყველა საერთაშორისო შეფასებებით არის დადასტურებული. ელექტრონული წესით ხმის მიცემა ევროპაში ყველაზე მაღალი სტანდარტია და მათი განცხადებები აბსურდულია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „ამ სასახლეში არჩევნების დღეს იქნება მოწყობილი საკოორდინაციო პლატფორმა, რათა გავუწიოთ მონიტორინგი, რაც იმ დღეს მოხდება“.