ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას შევაგებებთ, კალანდარიშვილის ჩატარებული არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლებმა უმაღლეს დონეზე შეაფასეს
ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას შევაგებებთ, კალანდარიშვილის ჩატარებული არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლებმა უმაღლეს დონეზე შეაფასეს

პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის უკიდურესად პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, რომელსაც არანაირი ობიექტური დასაბუთება არ აქვს, რადგან ადამიანმა, რომელიც იქნა არჩეული დროებითად, ჩაატარა არჩევნები ისე, რომ ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ მისი საქმიანობა და საარჩევნო კომისიების საქმიანობა შეფასებულ იქნა უმაღლეს დონეზე, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის მოქმედებას უმრავლესობა საკუთარ გადაწყვეტილებას შეაგებებს.

„კანონში არაფერს ვცვლით არც ერთი გვარის გამო, ეს ერთი. მეორე, ჩვენ დავინახეთ, რამხელა მანკიერებაა ის თავზე მოხვეული ზოგიერთი კანონი, რომელიც ამ 2020 წლის არჩევნების შემდეგ იქნა მიღებული. 2/3-ით ადამიანის თანამდებობაზე გამწესება არის აბსოლუტურად არაეფექტური და ამის მომსწრე ვართ ყველანი დღეს. რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ეს არის უკიდურესად პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, რომელსაც არანაირი ობიექტური დასაბუთება არ აქვს, რადგან ადამიანმა, რომელიც იქნა არჩეული დროებითად, ჩაატარა არჩევნები ისე, რომ ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ მისი საქმიანობა და საარჩევნო კომისიების საქმიანობა შეფასებულ იქნა უმაღლეს დონეზე, ასეთ ადამიანს უარს ეუბნებიან კონკურსში გასვლაზეც კი. აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას შევაგებებთ. ჩვენ ვითხოვთ ხოლმე ყოველთვის ერთ რამეს, მოდით, ევროკომისიამ და იგივე ევროპარლამენტმა რეკომენდაცია გაუწიოს საქართველოში ისეთი კანონის მიღებას, რაც მათ ქვეყნებში მაინც მოქმედებს. რატომ უნდა იყოს საქართველოში ისეთი კანონი, რომელიც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის. რატომ გვეუბნებიან, რომ ისეთი კანონი მივიღოთ, რომელიც ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არ არის, რატომ?! არ ვიცი, ამაზე ალბათ იქნება მსჯელობა. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ეს 2/3 თავიდან ბოლომდე ეწინააღმდეგება დემოკრატიული არჩევანის პრინციპს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა.