ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტი და ოპოზიცია ძირითადად მომართული არიან, ქვეყანაში პოლიტიკური და საკანონმდებლო პროცესი უცხოეთიდან იმართებოდეს
ნათლად ვხედავთ, რომ პრეზიდენტი და ოპოზიცია ძირითადად მომართული არიან, რომ ქვეყანაში პოლიტიკური და საკანონმდებლო პროცესი თავიდან ბოლომდე რეგულირდებოდეს და იმართებოდეს უცხოეთიდან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციასა და პრეზიდენტს იმის დანერგვა სურთ, რომ სასამართლო ხელისუფლება და კანონები უცხოური შეხედულებით ყალიბდებოდეს.
„რომელ ქვეყანაში გინახავთ, რომ რომელიმე საჭირბოროტო კანონის განხილვა უცხოეთის ქვეყნების, დიპლომატების ან სხვა ქვეყნების ორგანოების განხილვის საგანი იყოს? ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ამათ აქვთ არა ხალხის, არამედ გარედან თითის დაქნევის იმედი. ერთი ნარატივია, რომ კანონზე ასე უნდა ილაპარაკონ, თითქოს ეს არის ევროპისგან დაშორება და რუსეთისკენ წასვლა. ამიტომ დასავლეთიდან კრიტიკული აზრის გაღვივება იქნება ამ აქციის შენარჩუნების და გაზრდის ერთადერთი გზა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილონ.