ირაკლი ქადაგიშვილი - პოდოლიაკი ამბობს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელი შეეშლება, ღიად ჩანს, რომ უკრაინა ალბათ იქნება მთავარი ლობისტი, რომ საქართველომ სტატუსი არ მიიღოს
ირაკლი ქადაგიშვილი - პოდოლიაკი ამბობს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელი შეეშლება, ღიად ჩანს, რომ უკრაინა ალბათ იქნება მთავარი ლობისტი, რომ საქართველომ სტატუსი არ მიიღოს

პოდოლიაკი ამბობს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელი შეეშლება, მათი განცხადებებიდან ღიად ჩანს, რომ ალბათ უკრაინა იქნება მთავარი ლობისტი იმის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ აგრესიის პირველივე დღიდან საქართველო უკრაინას გვერდით მტკიცედ დაუდგა ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის იმ განცხადებაზე, რომლის მიხედვით, „ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, უკრაინას საქართველოსგან არასდროს მოუთხოვია მეორე ფრონტი“.

„როგორც მათივე განცხადებებიდან ჩანს, სტატუსის არმიღების საბოლოო მიზანი უნდა იყოს ის, რომ ამან საქართველოში მღელვარება გამოიწვიოს და ხელისუფლება შეიცვალოს. ფაქტობრივად, თავიანთი ქმედებებით პირდაპირ გვიბიძგებენ, რომ ისეთი პროცესების პროვოცირება მოხდეს, რაც ქვეყანაში არეულობას გამოიწვევს. ამის საბოლოო შედეგი უნდა იყოს იმ ოპერაციის გაგრძელება, რასაც ჰქვია საქართველოში სააკაშვილის შემოყვანა და გლობალური ომის ძალების ფილიალის ხელისუფლებაში მოყვანა. რა თქმა უნდა, ამით ადვილი ხდება საქართველოთი მანიპულირება და იმავე მეორე ფრონტის გახსნა და იმ განცხადებების რეალიზაცია, რასაც ჰქვია სოხუმსა და ცხინვალში შესვლა.

ჩვენ მივიღეთ უკრაინელი ლტოლვილები და მათ პირობები მაქსიმალურად შევუქმენით, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე არ წავიდა და მეორე ფრონტის იდეა უარვყავით, როგორც ჩანს, ეს ქვეყნის წინააღმდეგ გაღიზიანებას იწვევს. თუ ჰგონიათ, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ, მჭერმეტყველურად გადმოგვცენ განცხადებები, ჩვენც გვაქვს იმის უნარი, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები არა მხოლოდ ქვეტექსტის დონეზე, არამედ პირდაპირ წავიკითხოთ. რატომ ჰგონიათ, რომ ქართველებს ნათქვამის ადეკვატურად აღქმის უნარი არ გვაქვს?“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.