ირაკლი ქადაგიშვილი - ოთარ ფარცხალაძის სანქცირებულთა სიაში შეყვანაზე მეტი კონკრეტიკა გვჭირდება, ვიღაცას ვიღაცაზე გავლენა ყოველთვის აქვს, მაგრამ რა შუაშია მთავრობა და „ქართული ოცნება“
ოთარ ფარცხალაძის სანქცირებულთა სიაში შეყვანაზე მეტი კონკრეტიკა გვჭირდება. ფარცხალაძე 11 წლის წინ იყო გენერალური პროკურორი, მას შემდეგ საჯარო სამსახურში აღარ არის, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოკვლევის შედეგებს უნდა დაელოდონ.
„11 წელია, რაც ოთარ ფარცხალაძეს საჯარო სამსახურთან, საჯარო პოლიტიკასთან შეხება არ აქვს და ის კერძო პირია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოკვლევას იწყებს იმასთან დაკავშირებით, რამ განაპირობა ფარცხალაძის სანქცირებულ პირთა სიაში შეყვანა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებაში ზოგადი განმარტება იყო, მეტი კონკრეტიკა ცნობილი არ არის. აქედან გამომდინარე, მოკვლევა უნდა განახორციელონ კომპეტენტურმა ორგანოებმა. ჩვენ გვჭირდება კონკრეტიკა. ვიღაცას ვიღაცაზე გავლენა ყოველთვის აქვს, მაგრამ რა შუაშია მთავრობა და „ქართული ოცნება“. ფარცხალაძე 11 წლის წინ იყო რამდენიმე თვით გენერალური პროკურორი, მას შემდეგ საჯარო სამსახურში აღარ არის, არ არის პოლიტიკაში და არის კერძო პირი. ჯერ არავინ იცის, ვინ ვისი აგენტი იყო, როდის და რანაირად იყო. ამიტომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ საკითხზე მოკვლევას იწყებს, დაველოდოთ მოკვლევას“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ამასთან, როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, გასაკვირია, როცა დასანქცირებისას კონკრეტული ახსნა-განმარტება არ კეთდება.
„ზოგადად, სანქცირების საკითხს რაც შეეხება, ჩვენთვის გასაკვირია, რომ მოსამართლეები როცა დასანქცირდნენ, არანაირი კონკრეტული ახსნა-განმარტება არ გაკეთებულა, რა მიზეზით მოხდა მათი დასანქცირება. რელევანტური პასუხი არ არის, როცა გვითხრეს, ღია წყაროებში წაივკითხეთო“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
აშშ რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო ომის წარმოებასთან დაკავშირებით, 150-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციებს უწესებს. სანქცირებულ პირთა შორის არის საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საკითხის შესწავლა დაიწყო.