ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარეობს ბრძოლა, რათა მომავალი არჩევნებისთვის რამენაირად სახე გამოკვეთონ, არის ბრძოლა, ვინ იქნება 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის კანდიდატი
ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარეობს ბრძოლა, რათა მომავალი არჩევნებისთვის რამენაირად სახე გამოკვეთონ, მიმდინარეობს ბრძოლა, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, კიდევ ვინ იქნება 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის კანდიდატი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა მარტივი არ იქნება და ოპოზიცია ცდილობს, განსხვავებული სახე მოძებნოს გაერთიანებით ან საკუთარი თავის წარმოჩენით. ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ მესამე ძალის იდეა იარსებებს, მაგრამ რთული სათქმელია, რამდენად შედგება.
„პოლიტიკაში ფული არის აუცილებელი პირობა, მაგრამ არანაირად არ არის საკმარისი პირობა. პოლიტიკაში მთავარია პოლიტიკური მიზანი, ხედვა, პლატფორმა, იმ მიზნის სწორად დანახვა და გზების სწორად მოძიება, რაც ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება. ფული საქმიანობაში დამხმარეა. აქედან გამომდინარე, ბიზნესმენის პოლიტიკაში პირდაპირ კონვერტაცია არასდროს არ ნიშნავს ხოლმე პოლიტიკურ წარმატებას. ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარეობს ბრძოლა, რათა მომავალი არჩევნებისთვის რამენაირად სახე გამოკვეთონ. ცნობილია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაკნინებისა და დეგრადაციის გზაზე დგას, მისი ამომრჩეველი შენარჩუნებული იქნება, ოღონდ მცირე რაოდენობით, მაგრამ მას საშუალებას მისცემს, 5-პროცენტიანი ბარიერი ადვილად გადალახოს. დანარჩენ პოლიტიკურ ფლანგზე მიმდინარეობს ბრძოლა, კიდევ ვინ იქნება 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის კანდიდატი. დღევანდელი სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა არავისთვის არ იქნება იოლი. გამომდინარე აქედან, ოპოზიცია ცდილობს, განსხვავებული სახე მოძებნოს გაერთიანებით ან საკუთარი თავის წარმოჩენით. ვნახოთ, რა გამოუვათ. თუ გააგრძელებენ იმ რიტორიკას, რა რიტორიკის ტყვეობაშიც იყვნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ და რადიკალური ოპოზიციის რა დღის წესრიგსაც ახორციელებდნენ, საქმით თუ ვერბალურად, ისევ ამ მოცემულობაში თუ დარჩებიან, მაშინ გადაადგილებით ჯამი არ შეიცვლება და იგივე შედეგი იქნება. ქართულ პოლიტიკაში დიდი ხანია, ვარ და თავის დროზე ერთ-ერთი თანაავტორიც ვიყავი ალტერნატიული მესამე ძალის შექმნის, ამიტომ ეს ლამაზი განცხადება მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის მარტივი, შენს მოსახლეობას და ამომრჩეველს აჩვენო, რატომ ხარ რეალურად ალტერნატივა გაბატონებული რადიკალური ოპოზიციის ან მმართველი პარტიის. მესამე ძალის იდეა იარსებებს, მაგრამ რამდენად შედგება, ეს რთული სათქმელია“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ორი დღის წინ განაცხადა: „ამოცანა მკაფიოა, შევქმნათ ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრი, ორპოლუსიანობა დაიმსხვრეს. გასაღები არის ისეთ გაერთიანებაში, სადაც მონაწილეობას არ მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა““.