ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციონერებმა საქართველოსთვის გვერდში დგომა, სულ მცირე, დააგვიანეს, კარგი იქნებოდა, თავიდანვე კონსტრუქციულ მუშაობაში ჩართულიყვნენ
ოპოზიციონერებმა საქართველოსთვის გვერდში დგომა, სულ მცირე, დააგვიანეს, კარგი იქნებოდა, რომ თავიდანვე კონსტრუქციულ მუშაობაში ჩართულიყვნენ, კანონებისთვის ხმა მიეცათ და რუსული არ ეძახათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ევროკავშირი არის არა მხოლოდ ხალხთა ერთობა, არამედ სახელმწიფოების ერთობაა, სადაც ხალხი, მის მიერ შექმნილი ინსტიტუციები, კონსტიტუცია, მთავრობა და არჩევნებია.
„სტატუსიდან გამომდინარე, ლუსტრაციის პროცესი მიმდინარეობს. ოპოზიციონერებმა საქართველოსთვის გვერდში დგომა, სულ მცირე, დააგვიანეს. კარგი იქნებოდა, რომ თავიდანვე კონსტრუქციულ მუშაობაში ჩართულიყვნენ, კანონებისთვის ხმა მიეცათ და რუსული არ ეძახათ. გარწმუნებთ, რომ ამ შემთხვევაში ქვეყნისთვის სტატუსის მიცემა გაცილებით უფრო უმტკივნეულო იქნებოდა. უფრო მეტიც, უფრო მეტი კაპიტალის მომტანი იქნებოდა ოპოზიციისთვისაც. ბოლოს წასულ ვაგონზე მათი შემოხტომის მცდელობას ვხედავთ. ეს იყო მათი პოლიტიკური არჩევანი. ვხედავთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებიც ასეთ გზას გაივლიან. უნდათ, რომ მატარებლის ბოლო ვაგონს მოახტნენ, მაგრამ მათგან ბევრი იმ ნარატივისგან ვერ გამოდის, რომ სტატუსი ხალხს ეკუთვნის და ქვეყანას და მის მთავრობას – არა. მათ ჰგონიათ, რომ საქართველო არის ხალხი, რომელიც მინდორზე ცხოვრობს და არ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს არჩევნები, სახელმწიფო ინსტიტუტები. ევროკავშირი არის არა მხოლოდ ხალხთა ერთობა, არამედ სახელმწიფოების ერთობაა, სადაც ხალხი, მის მიერ შექმნილი ინსტიტუციები, კონსტიტუცია, მთავრობა და არჩევნებია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.