ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის შინაგან სამყაროს კიდევ ერთხელ აჩვენებს, როდესაც ისინი აქციის მონაწილეებს აბულინგებენ, რეალურად, მათ არ უყვართ თავიანთი მოსახლეობა, ქართველი ერი
საყოველთაო სახალხო შეკრებაზე ხალხი მხარს უჭერს დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით ევროპისკენ მიმავალ სახელმწიფოს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, ხალხი ხედავს, რომ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მუდმივი პროვოკაციებია.
„დღევანდელი შეკრების მიზანი არის ის, რაც მოდის ხალხისგან. ხალხი ხედავს, რომ ის ჯგუფი, რომელიც გამჭვირვალობის წინააღმდეგია, ათასგვარი პროვოკაციით, ბრალდებით, მოგონილი საბაბით ცდილობს, რამენაირად შეცდომაში შეიყვანოს საქართველოს მთელი მოსახლეობა. ამას გარდა, ხალხი ხედავს, რომ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მუდმივი პროვოკაციები არ სრულდება. აქედან გამომდინარე, დღევანდელი შეკრება არის ხალხის მოთხოვნით ორგანიზებული ღონისძიება, საერთო სახალხო შეკრება. სწორედ ამ შეკრებაზე ხალხი მხარს უჭერს როგორც საქართველოს დამოუკიდებლობას, საქართველოს სუვერენიტეტს, ისე ამ დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით ევროპისკენ მიმავალ სახელმწიფოს და არა ისე, როგორც სურს რადიკალურ ოპოზიციას“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ამასთან, როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები აბულინგებენ, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ იმ ადამიანებს, რომლებსაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვთ.
„ერთადერთი, რაც ოპოზიციას დარჩენია, არის ის, რომ ადამიანები დააბულინგონ, ყველაზე მძიმე ეპითეტებით შეამკონ. ეს ოპოზიციის შინაგან სამყაროს კიდევ ერთხელ აჩვენებს. რეალურად, მათ არ უყვართ თავიანთი მოსახლეობა, საქართველო, ქართველი ერი. მათ აქვთ თავიანთი ვიწრო შურისძიებაზე აგებული მიზნები და სწორედ ეს ალაპარაკებს მათ ასეთი სიტყვებით აქციის მონაწილეებზე. რაც არ უნდა მიუღებელი იყოს მათი პოლიტიკური კურსი, არცერთი მათი წარმომადგენლისთვის ანალოგიური სიტყვებით არასდროს მიგვიმართავს. აქცია დღეს ჩაივლის წარმატებულად, მშვიდად. ოპოზიციას შეიძლება, მომდევნო დღეებში ჰქონდეს რაღაც აქციები, მაგრამ ეს აქციები საქართველოს კურსს – ევროპისკენ მიმავალ სუვერენულ სახელმწიფოს, ვერანაირად ვერ შეაფერხებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.