ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ნაწილი თითქმის კეთროვნად გადაქცეული „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერისგან დისტანცირებას შეეცდება, არჩევნების წინ ცდილობენ, აჩვენონ, რომ მათგან გამიჯნული არიან
ოპოზიციის ნაწილი შეეცდება, მოახდინოს დისტანცირება თითქმის კეთროვნად გადაქცეული „ნაციონალური მოძრაობისგან“ და მისი ლიდერისგან, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა იმასთან დაკავშირებით, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში გადაიყვანოს.
ქადაგიშვილის თქმით, აქამდე ოპოზიციის უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგის გამზიარებელი იყო, ახლა კი, არჩევნების წინ ცდილობენ, რამენაირად საზოგადოებას დაანახონ, რომ ამ პარტიისგან რადიკალურად არიან გამიჯნული.
„მიხეილ სააკაშვილი იქნება თუ სხვა პირი, რომელიც სასჯელს იხდის, მისი პატიმრობის მდგომარეობა როგორი იქნება, ამას შესაბამისი უწყება კანონის შესაბამისად წყვეტს. ეს არცერთი პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილებაზე არ არის დამოკიდებული. ოპოზიციის გარკვეული ნაწილი შეეცდება, დისტანცირება მოახდინოს თითქმის კეთროვნად გადაქცეული „ნაციონალური მოძრაობისგან“ და მისი ლიდერისგან. ამ შემთხვევაში ეს განცხადება უფრო ამას ემსახურება. ყველა ცდილობს, ამომრჩევლის რომელიმე ნიშაზე დაჯდეს. სამწუხაროდ, აქამდე ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგის გამზიარებელი. დღეს დაინახეს, რომ მათი რევოლუციური სცენარი თავისი რუსული ლოზუნგებით წყალში გადაყრილი დრო აღმოჩნდა. ამიტომ არჩევნების წინ ცდილობენ, რამენაირად საზოგადოებას დაანახონ, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ რადიკალურად არიან გამიჯნული და საზოგადოების რაღაც სეგმენტს თავი მოაწონონ, სულ სხვა ვართო – თეთრები, სუფთები და ზრდილობიანებიო. „ნაცმოძრაობის“ დამგმობ განცხადებებს კიდევ ბევრისგან ვიხილავთ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.