ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის გზამ სრული კრახი განიცადა, ხედავენ, რომ ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ და დაიწყეს „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირება
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის გზამ სრული კრახი განიცადა, ხედავენ, რომ ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ და დაიწყეს „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირება

ფაქტია, იმ გზამ, რომელიც ოპოზიციას ჰქონდა არჩეული, სრული კრახი განიცადა. ამ პოლიტიკური გზის ფლაგმანი იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ყველა პარტია, რომელიც დესტრუქციული დღის წესრიგის თანამონაწილენი იყვნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიები ხედავენ, რომ 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ და დაიწყეს სიტყვიერი დისტანცირება „ნაციონალური მოძრაობისგან“.

„დისტანცირება რამდენად იქნება საქმეში ასახული და მათი პოლიტიკური მიზნები და გზა იქნება დაფუძნებული მართლაც ქვეყნის, ხალხის ინტერესებზე, ამას დრო გვაჩვენებს. ხალხმა და ამომრჩეველმა უნდა დაინახოს, რომ ესენი არა მხოლოდ ტაქტიკური მიზნით, არამედ რეალურად ათვითცნობიერებენ იმ ჩიხურ მდგომარეობას, სადაც საკუთარი თავი შეიყვანეს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფილ და დღევანდელ თავმჯდომარეს, ჩრდილოვან მმართველობას შორის დიდი აურზაურია ატეხილი.

„„ნაცმოძრაობაც“ ცდილობს, რომ იმ ფონზე, რაც ამ პარტიის შიგნით მიმდინარეობს, ანუ დაშლის პროცესი, პოლიტიკური დღის წესრიგის არქონა, რამენაირად ასეთი მოწოდებებით შეინარჩუნოს ოპოზიციის ლიდერის ფლაგმანის როლი. ვხედავთ, რომ პარტიის შიგნით ყოფილ და დღევანდელ თავმჯდომარეს, ჩრდილოვან მმართველობას შორის დიდი აურზაურია ატეხილი. როგორ დალაგდება ოპოზიცია, ვინ ვის შეუერთდება, ამას არ ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. ამომრჩეველი ოპოზიციის ყველა აქტორს კარგად იცნობს და აფასებს ისე, რომ 5-პროცენტიან ბარიერს, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ვერავინ ლახავს. აქ მნიშვნელობა არ ექნება, ვინ ვის შეუერთდება, მთავარი იქნება, ვინ მოტრიალდება ეროვნული ინტერესებისკენ და რეალურად ვინ ეტყვის უარს იმ დესტრუქციულ პოლიტიკას, რასაც ისინი აქამდე ატარებენ.

მოგეხსენებათ, მომავალი არჩევნები პროპორციული სიით უნდა ჩატარდეს, ამიტომ, რა თქმა უნდა, პარტიები ასე მარტივად ვერ გაერთიანდებიან. მაშინ უნდა მოხდეს ერთ პარტიაში შერწყმა, რომლის სურვილი არავის აქვს. ყველას უნდა, თავისი პატარა საფეოდალო ჰქონდეს. მოხდება თუ არა ამ ოპოზიციური პარტიების სახის ცვლილება, ამას დრო გვაჩვენებს. დღევანდელი განცხადებები არის საკუთარი პოზიციების დაფიქსირება მომავალი არჩევნების წინ და ეს ყველაფერი ასახავს ერთმანეთთან ვაჭრობასა და შეჯიბრს“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ და, ზოგადად, ქართული ოპოზიციის მთელი პრობლემა ისაა, რომ „ისინი ძალიან დიდი ხანია, დესტრუქციული მიზნებისთვის ამ ფარულ მმართველობას ჰყავს გამოყენებული“.

„ეს ფარული მმართველობა ხორციელდებოდა ჯერ უკრაინიდან, შემდეგ გადმოინაცვლა საქართველოს ტერიტორიაზე. სააკაშვილის, კეზერაშვილის, მერაბიშვილის მეშვეობით ხდებოდა ქვეყნისთვის დამაზიანებელი პოლიტიკის განხორციელება. პარტია და მისი ამომრჩეველი ამ საქმეში ინსტრუმენტი იყო და ეს ინსტრუმენტი დღეს მობლაგვებულია. აქედან გამომდინარე, ამ შიდა ბრძოლაში, მელიაც თავის დროზე არ აკლებდა, როდესაც ის იყო ამ ხალხის ფავორიტი, თავისი საქმიანობით ზიანი მიაყენა საქართველოს. დღეს, როდესაც მასაც მოხვდა ეს შოლტი, იგრძნო ამის სიმწარე. აქედან გამომდინარე, ახლა ის საუბრობს იმას, რასაც ადრე ვერ ხედავდა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილის თქმით, პარტიას, თავისი ლიდერშიპის სახით, არ გააჩნია არანაირი ავტორიტეტი და არ აქვს ამ კონფიგურაციით არანაირი პერსპექტივა.

„აქედან გამომდინარე, დარჩათ ეს ძველი სასპეკულანტო საკითხი, რომ ისევ წამოწიეს მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი. ამ სეზონის სერიალში იქნება, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რადგან წინა სეზონი იყო, რომ მას კლავდნენ და აწამებდნენ. ეს სერიალი უშედეგოდ დამთავრდა. ახლა ახალი სერიალის მოწმეები ვართ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.