ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ერთმა ნაწილმა საკუთარი თავი და ქართული დემოკრატია დიდი ხანია, „გადააგდო“, ჩვენ არავინ „გადაგვიგდია“
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ერთმა ნაწილმა საკუთარი თავი და ქართული დემოკრატია დიდი ხანია, „გადააგდო“, ჩვენ არავინ „გადაგვიგდია“

ოპოზიციის ერთმა ნაწილმა საკუთარი თავი და ქართული დემოკრატია დიდი ხანია, „გადააგდო“. თუ ვინმე ასრულებს რაიმე ვალდებულებებს, მათ შორის პოლიტიკური რეფორმების კუთხით, ეს არის „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ქადაგიშვილი გამოეხმაურა საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს. მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ჩატეული იყო ფრაზაში, დაჰპირდი და გადააგდე.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, „ქართულ ოცნებას“ არავინ „გადაუგდია“.

„ოპოზიციის ერთმა ნაწილმა საკუთარი თავი და ქართული დემოკრატია დიდი ხანია, „გადააგდო“. 2020 წლის არჩევნები, შემდეგ უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამის ყველაზე ნათელი მაგალითია. პარლამენტში შემოსვლაზეც გადააგდეს თავისი ამომრჩეველი და მრავალი ასეთი რამ. ამიტომ ჩვენ არავინ გადაგვიგდია. თუ ვინმე ასრულებს რაიმე ვალდებულებებს, მათ შორის პოლიტიკური რეფორმების კუთხით, ეს არის „ქართული ოცნება“. უბრალოდ, ჩვენი მოთხოვნაა ერთადერთი რამ, რომ პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც ჰქონდეს. მარტო მჭახე სიტყვებით ნუ აპელირებენ, მათი მჭახე სიტყვების არავის არ ეშინია. მათი მჭახე სიტყვებით დემოკრატია არ შენდება და არც დაინგრევა, მათ ეს ვერ მოახერხეს. ჩვენ მზად ვართ, კიდევ ერთხელ, მათ შორის ოპოზიციის სასარგებლოდ და დემოკრატიის სასარგებლოდ გადაწყვეტილებები მივიღოთ, მაგრამ ეს არ იქნება ცალ კარში თამაში. პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილზე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მოხდება მაშინ, როდესაც მეტი პასუხისმგებლიანი მიდგომა იარსებებს და პროცესი დესტრუქციის გასაღრმავებლად არ იქნება გამოყენებული.

„საკონსტიტუციო ცვლილებები, როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, მოხდება მაშინ, როდესაც ამ ცვლილებების პასუხისმგებლობა ექნება ყველას და ცვლილებები, ეს პროცესი არ იქნება გამოყენებული დესტრუქციის გასაღრმავებლად, არამედ კონსტრუქციული და დემოკრატიული თანამშრომლობისთვის. მხოლოდ ეს პირობა გვაქვს ჩვენ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ამასთან, კითხვას, რა კომენტარს გააკეთებდით ოპოზიციის ნაწილის შეფასებებზე, რომ ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების ეშინია, ქადაგიშვილმა განაცხადა: „რიგგარეშე არჩევნები ისეთი ძველი ზღაპარია, რომ მაგის ხელმეორედ მოყოლა უკვე საბავშვო ბაღშიც აღარ აინტერესებთ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.