ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციაში ყველაზე მეტი მხარდაჭერა „ნაცმოძრაობას“ აქვს, თუმცა არასაკმარისია ხელისუფლების ხელში ასაღებად, ამიტომ ოპოზიციის წარმომადგენლები თავიანთ ამომრჩევლებს ევაჭრებიან
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციაში ყველაზე მეტი მხარდაჭერა „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, თუმცა არა ისეთი, რაც მას ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივას გაუჩენს.
ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ფეისბუქპოსტზე, სადაც ჯაფარიძე წერს: „დიდი ერთობის შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ კარგავს კვალიფიცური სუბიექტის სტატუსს, 5 ნომერს, პარტიულ დაფინანსებას, არ შეეხებიან არცერთ ძალოვან სტრუქტურას“.
ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს მინიმალური საარჩევნო რესურსი აქვთ და „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლების გაყოფაში და თავიანთ ამომრჩევლებთან ვაჭრობაში არიან ჩართული.
„მათ დიდი ელექტორალური მხარდაჭერა არ აქვთ. ყველაზე მეტი მხარდაჭერა მაინც „ნაცმოძრაობას“ აქვს, მაგრამ ეს ელექტორალური მხარდაჭერა არ არის საკმარისი ისეთი შედეგის დასადებად, რაც ხელისუფლების ხელში აღების პერსპექტივას გააჩენს. ამიტომ ესენი თავიანთ ამომრჩეველს ევაჭრებიან – ნება მომეცით, „ნაცმოძრაობასთან“ ერთად გავიდეთ და უფრო მეტი ხმა მივიღოთ, ამის გამო ზურგი არ შეგვაქციოთო.
საბოლოო ჯამში, ეს ადამიანები „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლების გაყოფაში და ვაჭრობაში არიან ჩართული, რადგან ნიკა გვარამია იქნება, ნიკა მელია თუ ზურა ჯაფარიძე, იგივე „ნაცმოძრაობაა“. უბრალოდ, კრიზისმა მოიტანა ის, რომ შიდა დაპირისპირებები გაღრმავდა, რის გამოც გაიყვნენ ეს ადამიანები, ელექტორალური ველი კი ძირითადად აქვთ ერთი და იგივე – ეს არის ერთი ელექტორალური ველის გარშემო ხორუმის ცეკვა“, – განუცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს.