ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციაში გადაულახავი პრობლემებია, ვიღაცას ვიღაცასთან ერთად დგომა „უტყდება“, როგორც კი ხელისუფლების ხელში აღების შანსი გაჩნდება, „ნაცმოძრაობის“ ინსტინქტი გაძლიერდება
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციაში გადაულახავი პრობლემებია, ვიღაცას ვიღაცასთან ერთად დგომა „უტყდება“, როგორც კი ხელისუფლების ხელში აღების შანსი გაჩნდება, „ნაცმოძრაობის“ ინსტინქტი გაძლიერდება

ოპოზიციას აქვს მთავარი სატყუარა კოალიციურ მთავრობაზე. რას ნიშნავს ეს? ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში კოალიციური მთავრობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას ნიშნავს, ანუ, როგორც ეს მოხდა 2003 წელს, როცა ძირითადი ძალა „ნაციონალური მოძრაობა“ იყო და კოალიციაში მყოფი ჟვანია თუ ბურჯანაძე, ისინი ერთი წლის განმავლობაში ჩამოიცილა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციაში გადაულახავი პრობლემებია, რომ ვიღაცას ვიღაცასთან დგომა არ სურს.

„ამ შემთხვევაშიც კოალიციური მთავრობა ნიშნავს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს. მისი დანაყოფები და განაყოფები იქნებიან „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმის ხელშემწყობები და ეს კარგად იცოდნენ. კოალიციური მთავრობა პანაცეა არ არის, მსოფლიო გამოცდილება ბევრ მაგალითს გვაძლევს. კლასიკური ქვეყნებია, სადაც პოლიტიკური ლანდშაფტი კარგად დალაგებულია, იქ კოალიციური მთავრობები მუშაობენ, მაგრამ ევროკავშირის სხვა ქვეყნებია, სადაც კოალიციური მთავრობების გამო ქვეყნებში პერმანენტული პოლიტიკური კრიზისია. ეს არც პანაცეაა და არც უბედურება, ჩვენს შემთხვევაში ეს „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების ფორმულაა. ოპოზიციაში გადაულახავი პრობლემებია, ჟარგონი რომ გამოვიყენო – ვიღაცას ვიღაცასთან ერთად დგომა „უტყდება“. როგორც კი ხელისუფლების ხელში აღების შანსი გაჩნდება, „ნაცმოძრაობის“ ინსტინქტი გაძლიერდება, ამიტომ არავინ მოტყუვდეს. „ნაცმოძრაობის“ ნარჩენების მცდელობებს ვხედავთ, რაც თავის გადარჩენისკენ არის მიმართული“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.