ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციას თანამშრომლობა თუ სურდა, სამუშაო ჯგუფებში უნდა ყოფილიყო, ალტერნატიული კანონპროექტები განიხილება, თუმცა რთული სათქმელია, რამდენად მოხდება შეჯერება
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციას თანამშრომლობა თუ სურდა, სამუშაო ჯგუფებში უნდა ყოფილიყო, ალტერნატიული კანონპროექტები განიხილება, თუმცა რთული სათქმელია, რამდენად მოხდება შეჯერება

ოპოზიციას ევროკომისიის რეკომენდაციებზე თანამშრომლობა თუ სურდა, ეს სამუშაო ჯგუფებში უნდა ყოფილიყო, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილმა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების შესახებ ოპოზიციის მიერ შემუშავებულ პარალელურ გეგმაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ალტერნატიული კანონპროექტები რეგლამენტის თანახმად განიხილება, თუმცა რთული სათქმელია, შეჯერება რამდენად მოხდება.

„ოპოზიციას ევროკომისიის რეკომენდაციებზე თუ თანამშრომლობა სურდა, ეს თანამშრომლობა სამუშაო ჯგუფებში უნდა ყოფილიყო, რაზეც კატეგორიული უარი განაცხადეს. ახლა ულტიმატუმის წესით მოაქვთ თავიანთი კანონპროექტები. როგორც რეგლამენტი ითვალისწინებს, ალტერნატიული კანონპროექტების განხილვა მოხდება. ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა დისკუსიისა და კომპრომისის ეტაპი უარყო, სამუშაო ჯგუფები სწორედ იმიტომ იყო, რომ დისკუსია ყოფილიყო და გადაწყვეტილებების მიღებაც ასე მოხდა. ახლა ეს როგორ იქნება, პროგნოზი რთულია. სამუშაო ჯგუფების მიერ არსებობს კანონპროექტები და რამდენად მოხდება შეჯერება, რთულად სათქმელია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.