ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიცია ხელმოცარულია და ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით ისეთ თემებზე აპელირებს, რომ, სულ მცირე, სპეკულაციასთან გვაქვს საქმე, საერთოდ ნუ მოიჭრიან თავს მოსახლეობის წინაშე
ოპოზიცია მთლიანად ხელმოცარულია და ისეთ თემებზე აპელირებს, რომლებსაც ცოტა თუ ჩავუღრმავდებით, მივხვდებით, რომ, სულ მცირე, სპეკულაციასთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ნატო-ს ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან კრიტიკული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
ქადაგიშვილის თქმით, უკრაინაში მიმდინარე უმძიმესი ომის ფონზე, ოპოზიციის მხრიდან უკრაინისა და საქართველოს ერთ სიბრტყეზე დაყენება აბსოლუტური სიბეცეა.
„თუ დავუკვირდებით და ცივი გონებით გავაანალიზებთ, რა გადაწყვეტილებები იყო მიღებული ვილნიუსის სამიტზე, დავინახავთ, რომ ამ მხრივ საქართველოს უკრაინის შესაშური არაფერი აქვს. პირველ რიგში, განსხვავება ვიპოვოთ იმაში, რომ უკრაინაში უმძიმესი ომი მიმდინარეობს. ამ ფონზე, ოპოზიციის მხრიდან უკრაინისა და საქართველოს ერთ სიბრტყეზე დაყენება აბსოლუტური სიბეცე, სრული სპეკულაციაა ან სამშობლოს აღქმა არ აქვთ და ვერ წარმოუდგენიათ, რომ რაღაც პოლიტიკური განცხადება ამ ქვეყნის ამ დონის დაზიანებად არ უნდა უღირდეთ.
უკრაინამ სამი გადაწყვეტილება მიიღო, გაგრძელდება სამხედრო დახმარება. უკრაინა ომის დასრულების შემდეგ ნატო-ს წევრობას MAP-ის გარეშე მიიღებს, თუმცა იქნება პირობები, რაც გამოიხატება იმაში, რომ უკრაინამ უნდა მოახდინოს ფუნდამენტური გარღვევა დემოკრატიის მიმართულებით და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. ოპოზიციას ვთხოვ, საერთოდ ნუ მოიჭრიან თავს საკუთარი მოსახლეობის წინაშე. რაც შეეხება საქართველოს, მიდგომა არ შეცვლილა და ვერც შეიცვლებოდა, რადგან ამ ომის პირობებში თავად ნატო არ იყო მზად, რომ უკრაინისთვის კონკრეტული შეთავაზება გაეკეთებინა გაწევრიანების ვადაზე და ვერც მყისიერი გაწევრიანება ვერ მოხდა, რაც ობიექტური გარემოებიდან გამომდინარეობს“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.