ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიცია დღეს დაშლილ „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს
რაც არ უნდა გადაჯგუფება მოახდინონ, ოპოზიცია მაინც არის „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის იმედად დარჩენილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია დღეს დაშლილ „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს.
„არჩევნების წინ მათ სურვილი აქვთ, რომ რაღაცა ფორმა და კონფიგურაცია მიიღონ, რომ არჩევნებზე რაღაცა წარმატების, 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი მაინც ჰქონდეთ. აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა გადაჯგუფება მოახდინონ, ეს ოპოზიცია მაინც არის „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის იმედად დარჩენილი – ერთად იქნებიან, სხვადასხვა კონფიგურაციას მიიღებენ თუ არა. ვფიქრობ, არანაირი ფორმატი, რა ფორმატშიც არ უნდა დალაგდეს „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთთან, ეს მნიშვნელოვნად და რეალურად ქართული პოლიტიკისთვის სიახლეს არ წარმოადგენს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.