ირაკლი ქადაგიშვილი - ომის პარტია, „ნაცმოძრაობა“ ისევ იმ გმირებს ამოეფარა, რომლებიც მიატოვეს ჯერ ბრძოლის ველზე, შემდეგ მიცვალებულებისთვისაც ვეღარ მოიცალეს, გარბოდნენ საზღვარგარეთ
ვხედავთ, როგორ მკაფიოდ იკვეთება ორი განსხვავებული ხედვა, „ქართული ოცნების“ ხედვა, რომელიც გადის მშვიდობაზე, ურთიერთმიტევებაზე და სიტყვა „ბოდიში“ ამ შემთხვევაში აუცილებელი პირობაა; ასევე ვხედავთ, რომ არსებობს ომის პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“, მისი სატელიტები, რომელთათვის კატეგორიულად მიუღებელია ამ დიდი გზის რეალიზაცია, – ამის შესახებ ამის საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს თუ გაეხსნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა, ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთის მიმართ ნდობის ხიდების აღდგენაზე გადის.
„მინდა, ყურადღება გავამახვილო მნიშვნელოვან გზავნილებზე, რაც გორში, შეხვედრაზე ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ გააკეთა. პირველ რიგში, ვთვლი, რომ ეს არის ქართული პოლიტიკის ფუნდამენტური შემოტრიალება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სამოქალაქო ერთიანობის აღდგენისკენ. პირადად დიდი გამოცდილება მაქვს, მათ შორის, ამ ეთნოკონფლიქტების და შემდგომში რუსეთის პირდაპირი აგრესიის, როგორც მონაწილეს და თვითმხილველს მთელი ამ უბედურების. საქართველოს ისტორიულ პერსპექტივაში თუ გაეხსნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა, მით უმეტეს, დღევანდელ მსოფლიოში, ეს გადის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის თანაარსებობაზე, ურთიერთმიტევებაზე და ერთმანეთის მიმართ ნდობის ხიდების აღდგენაზე. ალტერნატიული გზაც არსებობს, ოღონდ ეს გზა არის აბსოლუტური ჩიხი და დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებასაც თუ შევხედავთ, ეს არის საქართველოს საბოლოო განადგურება. ეს არის ომის გზა.
დღეს ჩვენ ამ გზაზე, ვხედავთ, როგორ მკაფიოდ იკვეთება ორი განსხვავებული ხედვა. „ქართული ოცნების“ ხედვა, რომელიც გადის მშვიდობაზე, თანამშრომლობაზე, ურთერითმიტევებაზე და სიტყვა „ბოდიში“ ამ შემთხვევაში მიტევების, ურთიერთნდობის აღდგენის აუცილებელი პირობაა. ვხედავთ, რომ არსებობს ომის პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“, მისი სატელიტები, რომელთათვის კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს დიდი შემოტრიალების და ამ დიდი გზის რეალიზაცია. ვხედავთ, როგორი ისტერიით შეხვდნენ ამ მთავარ გზავნილს. კონტექსტიდან ამოგდებული სიტყვით ამოეფარნენ ისევ იმ გმირებს, რომელი გმირებიც მიატოვეს ჯერ ბრძოლის ველზე ცოცხლები და შემდეგ უკვე მიცვალებულებისთვისაც ვეღარ მოიცალეს, რადგან გარბოდნენ შორეულ საზღვარგარეთ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ქადაგიშვილის თქმით, იმედოვნებს, რომ საქართველოს გაცხადებული მკაფიო პოლიტიკის მიმართ სტრატეგიული პარტნიორები დადებით დამოკიდებულებას ღიად გამოხატავენ.
„ამას არამარტო მტრები გამოუჩნდებიან, მათ შორის სეპარატისტული მხრიდანაც იქნება მტერი, ამის მოწინააღმდეგე იქნებიან გარე მოთამაშეებიც, მაგრამ, ვიმედოვნებ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, რომელთაც გაცხადებული პოლიტიკა აქვთ, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს მშვიდობიანი პოლიტიკის გატარების მცდელობა და რეალიზება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით, ღიად გამოხატავენ თავის დადებით დამოკიდებულებას საქართველოს გაცხადებულ ამ მკაფიო პოლიტიკის მიმართ. ამით სპეკულაციები, რაც სწორედ პოლარიზაციის გასაღრმავებლად, სამშვიდობო პროცესის დაწყების თავიდანვე ჩასაკლავად არის მოწოდებული „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი სატელიტების მხრიდან, გაშიფრული და უგულებელყოფილი იქნება. იმედი მაქვს, მათგან გზავნილები იქნება მკაფიოდ ნათქვამი და საქართველოს ამ პოლიტიკას რეალური მხარდაჭერა ექნება. ეს არის ერთადერთი უალტერნატივო გზა, რომელიც, მით უმეტეს, ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში სწორედ საქართველოს ზუსტი და გონივრული არჩევანია, ამიტომ დღეს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ესმის ამ გზის უალტერნატივობა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.