ირაკლი ქადაგიშვილი - ოფიციალური პოზიცია აჩვენებს, რა მაღალი პასუხისმგებლობით მოქმედებს საქართველო, ამ შეურაცხყოფის მიუხედავად, საპასუხო ნაბიჯს არ დგამს, რადგან ჩვენ ვართ უკრაინელი ხალხის მხარეს
საქართველოს ოფიციალური პოზიცია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა მაღალი პასუხისმგებლობით მოქმედებს საქართველო, საქართველოს ხელისუფლება, ამ შეურაცხყოფის მიუხედავად, საპასუხო ნაბიჯს არ დგამს, რადგან ჩვენ ვართ უკრაინელი ხალხის მხარეს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ფიქრობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სააკაშვილის საქართველოში შემოგზავნა იყო კარგად ორგანიზებული სპეცმისია, რომლის მიზანი უნდა ყოფილიყო საქართველოში ვითარების იმდაგვარი შეცვლა, რომ საქართველოს მერე გარკვეული გარე პოლიტიკური კარნახით ემოქმედა.
„ეს მისია ჩაეშალა გამომდინარე იქიდან, რომ დაპატიმრებულ იქნა და სასამართლოს მიერ მისჯილ კანონიერ მსჯავრს იხდის. სააკაშვილმა თავიდანვე მიმართა სიმულაციას, რითიც მას უნდოდა ამ კანონიერი სასჯელისგან თავის დაღწევა, დაიხარჯა მილიონები, მათ შორის უდიდესი ჩართულობა იყო ალბათ იმ ძალებისა, ვინც მისი საქართველოში შემოგზავნა დაგეგმა. სტრასბურგის სასამართლომ, საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერს ცივი წყალი გადაასხა. ახლა არის მეორე, ალბათ საბოლოო ეტაპი, რომ რამენაირად სააკაშვილი გაიყვანონ ამ ჩავარდნილი მისიის გამო გარეთ. ამისთვის არ ერიდებიან არაფერს, არაფრად მიაჩნიათ საქართველოს სახელმწიფოს არსებობაც კი, ნული პატივისცემა სახელმწიფოს მიმართ, პირდაპირი ტყუილები, ბრალდებები, რის უკანაც არანაირი საფუძველი არ არის. მუდამ ჰქონდათ საუბარი, რომ საქართველო სანქციების გვერდის არიდების ადგილი და შავი ხვრელია, ჩამოვიდა მისია და დიდი მადლობა გადაუხადეს საქართველოს, რომ ქვეყანა არის ისეთ ინსტიტუციურ განვითარების დონეზე, რომ უმაღლეს დონეზე აქვს ორგანიზებული სანქციების დაცვის სისტემა, ეს გამოცდილება სხვაგანაც გასაზიარებელია. რა დავინახეთ ამის შემდეგ, შემცირდა ამ მიმართულებით ქვეყნის დაბულინგება? არ შემცირებულა. ასეთი შეფასებების მიუხედავად, კვლავ დაუმთავრებლად გრძელდება ქვეყნის დადანაშაულება ამ აბსურდით. გარკვეული ძალები არიან, რასაც ჩვენ ვეძახით გლობალური ომის პარტიას, არის მცდელობა, რომ საქართველო იქნას ჩათრეული ამ ორომტრიალში, რაც აბსოლუტურად არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. აქედან გამომდინარე, ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს ოფიციალური პოზიცია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა მაღალი პასუხისმგებლობით მოქმედებს საქართველო, ამ შეურაცხყოფის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება საპასუხო ნაბიჯს არ დგამს, რადგან ჩვენ ვართ უკრაინელი ხალხის მხარეს და ამ შემთხვევაში, ამ პროვოკაციული განცხადებების კასკადი, არ გვინდა, გავხადოთ ჩვენი მხრიდან ასევე ოფიციალური განცხადებების საპასუხო ნაწილად“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.