ირაკლი ქადაგიშვილი - „ოცნების“ გზავნილი არ არის არც ანტიამერიკული და არც ანტიევროპული კამპანია, ზოგადად, საქართველოში ყველა თემის დამძიმება ხდება ასეთი რიტორიკით, ან ანტიამერიკული უნდა იყო, ან პრორუსული
„ოცნების“ გზავნილი არ არის არც ანტიამერიკული და არც ანტიევროპული კამპანია. ზოგადად ხდება საქართველოში ყველა თემის ასეთი დამძიმება ასეთი რიტორიკით, ან ანტიამერიკული უნდა იყო, ან პრორუსული და ა.შ. ფაქტი არის ერთი რამ, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ სოლიდარული იყოს საერთაშორისო საზოგადოების, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში არ მოხდეს პოლიტიკური სიტუაციის უფრო მეტად დაძაბვა, მათ შორის რუსეთთან კონფრონტაციის შესაძლო გაზრდის კუთხით.
„თითქოს ყველა ამბობს, რომ არ უნდათ საქართველო რუსეთთან ზედმეტ კონფრონტაციაში იყოს ჩართული, მაგრამ რაღაცნაირად ყველა აქტორი უბიძგებს ამა თუ იმ ფორმითა და მინიშნებით საქართველოს მეტი კონფრონტაციისკენ. ამას ვლაპარაკობ ჩვენს იმ ოპონენტებზე, რომლებიც ზოგი ქვეყნის გარედან არის, ზოგი ქვეყნის შიგნიდან, მათ შორის არიან უკრაინის ხელისუფლებაში მყოფები, რადგან ეს კამპანია საქართველოს წინააღმდეგ არ მთავრდება. თუ თქვენ ამ კამპანიას ერთ მთლიანობაში შეხედავთ, ნახავთ, რომ არის სხვადასხვა მესიჯი, სხვადასხვა გზავნილი და ფონის შექმნა, ისეთი სურათის დახატვა, რომ საქართველო არის სეპარირებული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციისგან და რაღაცნაირად აფილირებული რუსეთის პოზიციასთან, ამას მათ შორის უცხოეთში ჩვენი ოპონენტები ღიად ლაპარაკობენ, რომლის დამადასტურებლად არაფერი აქვთ, გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი არის ის განცხადებები რა განცხადებებითაც იკვებება აქ რადიკალური ოპოზიცია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.