ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში იქნება თუ არა, ეს დიდად აღარაფერს ცვლის, ორჯერ იყვნენ სხდომათა დარბაზში და ორჯერვე ერთადერთი მიზნით, ამხტარიყვნენ მაგიდაზე და დებოში მოეწყოთ
„ნაციონალური მოძრაობის“ ორწლიანმა პოლიტიკამ, რომელიც მთლიანად ტყუილზე აგებული ნარატივი იყო, არა მარტო „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ მთლიანად ოპოზიცია დააზიანა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება თუ არა პარლამენტში, ამით არაფერი იცვლება.
„მათი საპარლამენტო ცხოვრებაში დაბრუნება დღეს უკვე არაფერი სიახლის მომტანი არ არის. ორი წელი მათ ხელიდან გაუშვეს და არანაირი პოზიტივი ქვეყნის საპარლამენტო ცხოვრებაში არც კრიტიკული თვალსაზრისით და არც საკანონმდებლო მუშაობის კუთხით არ შემოუტანიათ. ორჯერ იყვნენ მოსული პარლამენტში, სხდომათა დარბაზში და ორჯერვე ერთადერთი მიზნის გამო, რომ ამხტარიყვნენ მაგიდაზე და მოეწყოთ დებოში. თუ ანალოგიური გაგრძელება ექნება მათ პარლამენტში შემოსვლას, რაც იყო ისევ ის იქნება. თუ ოდნავ სერიოზულები იქნებიან, ოდნავ ოპოზიციის შინაარსს გაარკვევენ, გარდა რევოლუციური სცენარის განვითარებისა, ქუჩაში, სახლში თუ საპარლამენტო ცხოვრებაში და უფრო კონსტრუქციულები იქნებიან, მაშინ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მათთვის იქნება უკეთესი. „ნაციონალური მოძრაობის“ ორწლიანმა პოლიტიკამ, რომელიც მთლიანად ტყუილზე აგებული ნარატივი იყო, არა მარტო „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ მთლიანად ოპოზიცია დააზიანა“, – განაცხადა დეპუტატმა.
ქადაგიშვილის განცხადებით, სხვა ოპოზიციურმა პარტიების ამოცანა საკუთარი თავისა და ამომრჩევლის პოვნაა.
„ყველა ოპოზიციური პარტია ცდილობს, დაიბრუნოს თავისი სახე, რადგან მიხვდნენ, რომ ეს არის გზა არაფრისკენ. „ტუპიკი“ არის სრულიად და გამომდინარე აქედან, „ნაციონალური მოძრაობა“ გარეთ იქნება თუ შიგნით, ეს დიდად აღარაფერს აღარ ცვლის. რამდენადაც შეძლებენ სხვა ოპოზიციური პარტიები საკუთარი თავის პოვნას, საკუთარი ადგილის და საკუთარი ამომრჩევლის დაბრუნებას, ეს იქნება ალბათ, მათი პირველი ამოცანა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.