ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატების ცნობადობა არ ნიშნავს, რომ არჩეული იქნებიან თვითმმართველობაში
ყველა კანდიდატი, ვინც წარმოადგინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არის ცნობადი. მაგრამ, ცნობადობა და ის მოთხოვნა, რასაც მოქალაქეები ამ არჩევნებზე ითხოვენ მომავალი მერებისგან და კანდიდატებისგან, არის აბსოლუტურად განსხვავებული, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნებზე კანდიდატებს ამომრჩეველი სხვა ამოცანებს უსახავს.
„განა, იმაშია პრობლემა, რომ ვიღაც შეიძლება დეპუტატი იყოს და გახდეს შემდეგ მერობის კანდიდატი. ჩვენც გვყავს ასე ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მერობის კანდიდატი. ეს ერთი შემთხვევა ჩვენთანაც ჩაითვალა, რომ კარგია, ქალბატონი არის, ენერგიულია, თვითმმართველობის პრობლემების მცოდნეა და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც ვხედავთ, რომ ამას აქვს ნათესაური და კამპანიური ხასიათი, რადგან სხვა ალტერნატივა ადგილზე არ გყავს, რესურსი აღარ მოდის შენთან იმისათვის, რომ შენ კონკურენტუნარიანი კანდიდატები გყავდეს, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკურად ბანკროტი ხარ. ამავდროულად, როდესაც აყენებ მასობრივად პარლამენტარებს ამ არჩევნების დროს, ნიშნავს, რომ შენ არა თვითმმართველობის ამოცანები გაქვს გადასაწყვეტი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ის პოლიტიკური დღის წესრიგი გაქვს, რომელიც ამ ერთი წლის განმავლობაში უშედეგოდ გინდოდა რომ გაგეტარებინა. ამას, რა თქმა უნდა, ამომრჩეველი ხედავს, გრძნობს და მისი დამოკიდებულებაც ასეთი იქნება. ცნობადები რომ არიან, არ ნიშნავს, რომ ამომრჩევლის მიერ არჩეული იქნებიან თვითმმართველობაში. ამომრჩეველი ასხვავებს, რა არის პარლამენტი, რა არის თვითმმართველობა. რა თქმა უნდა, სულ სხვა ამოცანებს უსახავს ამომრჩეველი თვითმმართველობის არჩევნებზე კანდიდატებს. ხოშტარიასა და მელიას ცალ – ცალკე ნომრები მართლაც ნოუჰაუ არის ქართულ და მე მგონი მსოფლიო საარჩევნო კამპანიის დროს. წარმოიდგინეთ თავი იმ ამომრჩევლის ადგილზე, რომელმაც არ იცის ერთი კანდიდატი შემოხაზოს 5 ნომრად, მეორე და მესამე ბიულეტენი რა ნომრად შემოხაზოს. რა თქმა უნდა, არ მახსოვს, არც საქართველოს საარჩევნო ისტორიაში და არც საერთაშორისო გამოცდილებიდან არ მახსენდება, რომ ასეთი ყოვლად დამაბნეველი წინასაარჩევნო გასვლა ჰქონდეს რომელიმე პოლიტიკურ ძალას თუ ძალებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის რეგიონების მერობის კანდიდატები გუშინ წარადგინა.