ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, ქვეყანა მუდმივი ჯანჯღარის პროცესში იყოს და ამან ხალხში უკმაყოფილება გამოიწვიოს, მათი მიზანია, პოლიციასთან რაიმე სახის შეჯახება მოხდეს
აქციის ჩატარების პირობები კანონში საკმაოდ კარგად არის განმარტებული. ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, აქციების გამწვავება მოახდინოს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, ვითარება დაიძაბოს.
„სანაპიროზე ინტენსიური მოძრაობაა და ქალაქის ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გადაადგილება შეუფერხებლად იყოს, გზას სპეციალურად ჩახერგავენ თავიანთი იქ მისვლით, რათა ქალაქის პარალიზება მოახდინონ და ა.შ. ამის მიზანი ის კი არ არის, რომ ვიღაცამ თავისი პროტესტი გამოხატოს ან თავისი აზრი თქვას, არამედ ამ აქციის მიზანია, ქალაქისა და ქვეყნის პარალიზება. მათი მიზანია, არეულობა და პარალიზება. ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება, ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რომ მოახდინონ ადამიანების ცხოვრების პარალიზება ხელოვნურად. უნდათ, ქვეყანა მუდმივი ჯანჯღარის პროცესში იყოს და ამან ხალხში უკმაყოფილება გამოიწვიოს. მათი მიზანია, რომ პოლიციასთან რაიმე სახის შეჯახება მოხდეს. მაგათ ხომ, კომპლექსები აქვთ – 7 ნოემბრის და სულ უნდათ, სხვამაც გაიმეოროს ისეთი, რომ თავიანთი თავი გაამართლონ. კომპლექსი აქვთ იმის, რომ მათი მმართველობის დროს ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებული იქნა. კომპლექსების ტყვეობაში იმყოფებიან და უნდათ, ვითარება ისე დაძაბონ, რომ ხალხში უკმაყოფილება იყოს და ხელისუფლებამ ისეთი ძალა გამოიყენოს, რომ ამაზე იყოს სპეკულირება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.